თენგიზ ფხალაძე: მაია ოთინაშვილის გატაცება საოკუპაციო ძალის-რუსეთის ფედერაციის რეალური სახეა

„საქართველოს პრეზიდენტი, ხურვალეთიდან გატაცებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით, მუდმივ კოორდინაციაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან და მაქსიმალურ ძალისხმევას ავლენს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად გადასაჭრელად“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის ოკუპაციის და რუსეთის ფედერაციის – საოკუპაციო ძალის რეალური სახე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეალურ ეფექტურ კონტროლს ახორციელებს.
თენგიზ ფხალაძის თქმით, იმისათვის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, – „გამოიყენება ყველა საერთაშორისო მექანიზმი და ჩართულია ყველა ჩვენი პარტნიორი“.
“რაც შეეხება თავად არსებულ ვითარებას, ამას აქვს ორი შემადგენელი, პირველი ეს არის სუფთა ადამიანური, ჰუმანიტარული, რაც გულისხმობს იმას, რომ ქალბატონი – შვილების დედა არ შეიძლება იყოს იზოლატორში, იმისათვის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. და რაც ეხება პოლიტიკურ განზომილებას – სრული აბსურდია, რომ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში გადაადგილებისათვის იტაცებენ, იჭერენ და რაღაც შეთითხნილ სასამართლო პროცესებს უწყობენ”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა 29 სექტემბერს საოკუპაციო ხაზთან, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს 10-დღიანი, ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები