“გაერო-ს ასამბლეა იყო კარგი შესაძლებლობა, სადაც აღვნიშნეთ, ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე”

„გაერო-ს გენერალური ასამბლეა იყო კარგი შესაძლებლობა, სადაც მთელი მსოფლიო თანამეგობრობის გასაგონად აღვნიშნეთ, ის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ბუნებრივია, გენერალური ასამბლეის 73-ე სესია. ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ გამოგვეტანა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა – ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაცია, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ჩვენს ტერიტორიებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ, მთელი მსოფლიო თანამეგობრობის გასაგონად აღვნიშნეთ ეს გამოწვევები, ის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რასაც, სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ და, ამავდროულად, გავახმოვანეთ ის გზები, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი ინიციატივებით ამ ჰუმანიტარული კატასტროფის დასრულებას. ბუნებრივია, აქ ჩვენ მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვჭირდება და მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ ჩვენ ეს მხარდაჭერა გვაქვს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები