მეგის ქარდავას არჩევნებამდე საქართველოში ჩამოიყვანენ?!

სამხედრო პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსან მეგის ქარდავას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში საქართველოში ჩამოიყვანენ. ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში წერს.
გამოცემის ცნობით, ქარდავა ამ დრომდე უკრაინაში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება, რომლის ვადა ზუსტად ერთ თვეში იწურება.
„ეს კი იმას ნიშნავს, რომ გახმაურებული და არაერთი სკანდალური საქმის მთავარი ფიგურანტი უკრაინის სასამართლომ ან პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს, ან მისი ექსტრადირება მოახდინოს.
ექსტრადირების შემთხვევაში მეგის ქარდავა სამშობლოში პირველ ნოემბრამდე უნდა გამოამგზავრონ. დიდი ალბათობით, ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ანუ 28 ოქტომბრამდე მოხდება, რაც ცხადია, ცხარე პოლიტიკური დისკუსიის საგანიც გახდება. ბუნებრივია, ხელისუფლება შანსს არ გაუშვებს ხელიდან, რომ საზოგადოებას მეგის ქარდავას სახით კიდევ ერთხელ შეახსენოს, რა ხდებოდა ციხეებში და არა მარტო იქ, წინა ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის პერიოდში.
სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ინტერპოლის მიერ ოთხწლიანი ძებნის შემდეგ უკრაინაში გასულ წლის პირველ ნოემბერს შეცვლილი გარეგნობით, შეცვლილი სახელითა და გვარით და ყალბი დოკუმენტაციით დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქარდავას დაკავების მომენტში ხუთი სხვადასხვა ქვეყნის პასპორტი აღმოაჩნდა, მათ შორის ერთი – საქართველოსი, ორი – უკრაინის, ერთი – ლატვიის და ერთიც – ბელიზის. ამავე ინფორმაციით, ამოღებულია მეზღვაურის მოწმობა, რომლის გამოყენებითაც მეგის ქარდავა სხვადასხვა ქვეყნის საზღვრებს კვეთდა. აღნიშნული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მეგის ქარდავა „ომარ ძანძავას“ სახელითა და გვარით გადაადგილდებოდა. ის სწორედ ამ პირადი მონაცემებით დააპატიმრეს.
აქვე გაგახსენებთ, რომ მეგის ქარდავას დაკავების შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მასთან არათუ რაიმე სახის ნაცნობობა გამორიცხა, არამედ განაცხადა, რომ ამ პიროვნების შესახებ მისთვის მხოლოდ პრესით არის ცნობილი. სააკაშვილმა „ფეისბუკში“ პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც უკრაინულმა „პრავდამ“ მეგის ქარდავა სააკაშვილის უახლოეს თანამებრძოლად მოიხსენია. გაიხსენეს ისიც, რომ მეგის ქარდავა ფლობს ორ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს და ორივე მათგანი მას სწორედ მიხეილ სააკაშვილმა გადასცა. გასულ წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც დაადასტურეს, რომ ექსპრეზიდენტმა სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე 2010 წელს – ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით, 2012 წელს კი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ღირსების ორდენით დაჯილდოებულ მეგის ქარდავას ქართული მართლმსაჯულება სწორედ ადამიანების ღირსების შელახვას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ედავება. ახლა მისი ექსტრადირების საკითხი მთლიანად უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული. გაიზიარებს თუ არა უკრაინის სასამართლო საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს? მეგის ქარდავას ქართველი ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადირება მართლაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოხდეს, რაც, მისი თქმით, პოლიტიკური მოტივებით იქნება განპირობებული“,- წერს გამოცემა.
„საექსტრადიციო პატიმრობის ერთწლიანი ვადა ამ თვის ბოლოს იწურება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პროცესი ჯერაც არ ჩატარებულა და სასამართლო გონივრული ვადით არის გადადებული. თუ თვის ბოლომდე საკითხი არ გადაწყდება, მეგის ქარდავა ავტომატურად უნდა გათავისუფლდეს საექსტრადიციო პატიმრობიდან. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ გააკეთოს ყველაფერი, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება არჩევნებამდე მოხდეს, ეს შესაძლებელია, თუმცა არსებობს სააპელაციო პროცედურებიც, შესაბამისად, დაზუსტებით რთულია იმის თქმა, საერთოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის სასამართლო, ან მოხდება თუ არა ექსტრადირება არჩევნებამდე“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი.
„საქართველოს პროკურატურა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას, რათა მსჯავრდადებული მ.ქ. წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“,- აცხადებენ პროკურატურაში.
„პრაიმტაიმმა“ კი კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ყველა იმ ბრალდებას, რომლებიც მეგის ქარდავას საქართველოს პროკურატურამ წაუყენა. ხუთ საქმეზე უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, ოთხი საქმე კი ჯერაც სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მეგის ქარდავას მიმართ პირველი გამამტყუნებელი განაჩენი 2013 წლის 28 ოქტომბერს დადგა. მოსამართლემ ის ბაჩო ახალაიასთან ერთად დამნაშავედ ცნო დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში. საქმე ეხება 2006 წლის 26-27 მარტს მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტს, რომელიც შეეხო სასჯელაღსრულების #1, #5 და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებას.
მეგის ქარდავას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა ნათვლუღის სპეცოპერაციის საქმეზეც, რა დროსაც კუდ-ის სპეცრაზმმა სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია მოახდინა და, ასევე, სასტიკად გაუსწორდნენ რუსთავის #1 დაწესებულებაში მყოფ რამდენიმე პატიმარს. მიზეზად სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე შეიარაღებული თავდასხმა დასახელდა.
მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს ე.წ. კადრების საქმეზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში სამალავები 2013 წელს აღმოაჩინა, სადაც პოლიეთილენის კასრებში განთავსებული იყო დიდი რაოდენობით იარაღი, ფსიქოტროპული მედიკამენტები და ვიდეოკასეტები. კასეტებზე სხვადასხვა პირთა ცემის, წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალაა.
კიდევ ერთი მსჯავრდადებულის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მეგის ქარდავას 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამჯერად დაზარალებული მსჯავრდადებული ქალია. ბელა როგავას ადვოკატი სალომე აბულაძე ჰყვება, რომ ქარდავას მხრიდან პატიმრის წამება გაუგონარი მეთოდებით ხდებოდა.
2014 წლის 27 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მეგის ქარდავა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე გაამართლა, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის 23 იანვარს სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი გააუქმა, მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო და 9-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯა.
გარდა ამ სკანდალური საქმეებისა, პროკურატურის წარმოებაშია მეგის ქარდავას წინააღმდეგ აღძრული სხვა არაერთი სისხლის სამართლის საქმეც, მათ შორისაა: ელდარ ქობალიას, კობა მატკავასა და მერაბ ყოლბაიას წამების საქმე, მალხაზ არქანიას წამების საქმე, ელბერდ კობერიძის წამების საქმე და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმე. დღეის მდგომარეობით, სასჯელის შთანთქმის პრინციპით მეგის ქარდავას დაუსწრებლად 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები