„ეს იქნება სკანდალი, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი“

რამდენიმე დღეში პატარკაციშვილების ოჯახსა და წინა ხელისუფლებას შორის ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმი გასაჯაროვდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის განმარტებით, მემორანდუმის გასაჯაროება პატარკაციშვილების ოჯახს სურს. პრემიერის შეფასებით, ეს იქნება სკანდალი, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი, და ამაზე მკაცრად მოუწევთ პასუხისგება. “ტელეკომპანია “იმედი” იმის კლასიკური მაგალითია, თუ როგორ წაართვეს ის პატარკაციშვილების ოჯახს. სხვათა შორის, პატარკაციშვილების ოჯახი არის თანახმა, რომ გასაჯაროვდეს ის სკანდალური მემორანდუმი, რომელიც გაფორმებული იყო წინა ხელისუფლების მიერ პატარკაციშვილების ოჯახთან. ჩვენ ეს საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს, კერძოდ – იუსტიციის მინისტრს, ვინაიდან ოფიციალური მომართვა აქვს ოჯახიდან. ალბათ რამდენიმე დღეში ეს დოკუმენტი გასაჯაროვდება და, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება იხილავს, თუ როგორ მოხდა ამ ოჯახისთვის ბიზნესის წართმევა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერის თქმით, ყველა, ვინც აღნიშნულ დანაშაულებრივ სისტემაში მონაწილეობდა, პასუხისგებაში მიეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები