კიბოს გამომწვევი აზბესტის გამოყენება საქართველოში – რა წერია დოკუმენტში, რომელსაც ხვალ პარლამენტში განიხილავენ

საქართველოში 2017 წელს დაახლოებით 515 ტონა აზბესტის შემცველი მასალა შემოვიდა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა, ირაკლი იზორიამ განაცხადა.
ორგანიზაციამ პარლამენტის საკომიტეტო მოკვლევისათვის, რომელიც თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას ეხება, დოკუმენტი მოამზადა. დოკუმენტში განხილულია აზბესტის როლი ჰაერის დაბინძურებაში.
როგორც ირაკლი იზორიამ განაცხადა, საქართველოში აზბესტის შემცველი პროდუქციის წარმოება თითქმის 20 წელია შეწყდა, თუმცა მისი იმპორტი დღემდე ხორციელდება; მიუხედავად იმ მძიმე შედეგისა, რისი გამოწვევაც აზბესტს შეუძლია, მისი შემცველი პროდუქცია მაინც აქტიურად გამოიყენება.
„შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში აზბესტის შემცველი 110 ტონა საავტომობილო დეტალი შემოვიდა. აღნიშნული ნივთიერების მნიშვნელოვანი ნაწილის იმპორტი რუსეთიდან, უკრაინიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან (სურათი 1) ხორციელდება, რომლებიც ისევ აწარმოებენ მას. კიბოს გამომწვევი ნივთიერება ასევე შემდეგი ქვეყნებიდანაც შემოდის: ჩინეთი, თურქეთი, ბელგია, ჰოლანდია, ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ინდოეთი და სხვა“- წერია დოკუმენტში.
აქვე აღნიშნულია, რომ მანქანების მფლობელების უმრავლესობა იაფფასიანი აზბესტის შემცველ სამუხრუჭე ხუნდებს იყენებს.
„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დაახლოებით, 125 მილიონ ადამიანს უწევს აზბესტის პროდუქციასთან შეხება. ყოველწლიურად აქედან 107 ათასი ადამიანის სიცოცხლე სიკვდილით მთავრდება. საქართველოში ბოლო დროს გახშირებულია კიბოთი დაავადების ფაქტები.
აზბესტი ეს არის კანცეროგენი, რომელიც იწვევს კიბოს დაავადებებს, ეს არის ფილტვის, ხორხის, საშვილოსნოს კიბო და სხვა დაავადებები.
საქართველოში არ ხორციელდება მონიტორინგი აზბესტის პროდუქციაზე. ჩვენ გვაქვს მონაცემები შემოსავლების სამსახურიდან, მაგალითად 2014- 2015 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილების რაოდენობა 110 ტონა შემოვიდა, ხოლო 2017 წელს აზბესტის შემცველი მასალები ქვეყანაში 515 ტონა შემოვიდა. მართალია, მთავრობის დადგენილებით და კანონმდებლობით აკრძალულია ამ ნივთიერების პროდუქციის შემოტანა, მაგრამ აკრძალულია მხოლოდ 1 სახეობის აზბესტის შემოტანა, ხოლო სხვა სახეობები რომლებიც შეიცავენ მის მასალებს, არ არის აკრძალული. ხშირად ვაწყდებით აზბესტის ნივთიერების მქონე მატერიას . მაგალითად, ეს არის ე.წ. გადასახური საშუალებები, წყლის მილები, სხვადასხვა საღებავი და რაც მთავარია, საავტომობილო ხუნდებშია.
სამუხრუჭე ხუნდებს რაც შეეხება, იცით, რომ სხვადასხვა ფასებია ბაზარზე. იაფფასიანი ხუნდების თითქმის უმეტესობა, დაახლოებით 80 %-ზე მეტი, არის აზბესტის შემცველი ხუნდები, რომელიც საშიშია ჯანმრთლობისთვის. მაგალითად, როცა ავტომობილი განიცდის დამუხრუჭებას, აზბესტი განიცდის წვას და ჰაერში მისი ნაწილაკები გამოიყოფა, რაც მავნებელია, როგორც იმ მძღოლისთვის, რომელიც ავტომობილის სალონში ზის, ასევე იმ ადამიანისთვის, ვინც გარეთ მოძრაობს და ამას ჩაისუნთქავს“, – განაცხადა იზორიამ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აზბესტის ყველა სახეობა ადამიანისათვის კანცეროგენს წარმოადგენს.
„არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში 2010-2015 წლებში სასუნთქი სისტემის სიმსივნეებით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი გაზრდილია და იგი დაკავშირებულია აბზესტთან”, – წერია დოკუმენტში.
ორგანიზაციის რეკომენდაციით, აზბესტის გამოყენების აკრძალვის და მისი ჩანაცვლების სამოქმედო გეგმა უნდა შეიქმნას.
„ჩვენი რეკომენდაციებია: შეიქმნას სახელმწიფო პროგრამა აზბესტის ამოღების შესახებ; მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. ვიცით, რომ აზბესტი მავნებელია, როცა მას ზემოქმედება ადგება, როცა ტყდება, ან გარკვეულ წვას და ცვეთას განიცდის, შემდეგ გამოიყოფა ნაწილაკები. უნდა შეიქმნას მონიტორინგის სისტემა, არ ვიცით, ბაზარზე რა რაოდენობის არის შემოსული აზბესტის შემცველი მასალები. დაემატოს მარკირების და ეტიკეტირების სისტემები შემოსულ პროდუქციას, საბაჟოზე ასეთი მასალების შემოსვლა უნდა გაკონტროლდეს“, – განაცხადა იზორიამ.
აღნიშნულ დოკუმენტს პარლამენტში ხვალ წარადგენენ განსახილველად.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები