დავით ზალკალიანი: აშშ-ში ვიზიტი იყო უაღრესად დროული და შედეგზე ორიენტირებული

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტს აფასებს.

„ ეს ვიზიტი იყო უაღრესად დროული და შედეგზე ორიენტირებული თუკი გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციისა და დღევანდელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების დღის წესრიგი არის დატვირთული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებით – როგორც საგარეო მიმართულებით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ამ ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტის ვიზიტის გამართვა შეერთებულ შტატებში და პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან არის კიდევ ერთი დასტური იმისა რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დღის წესრიგში საკამოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს აქვთ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა საქართველოს როლზე რეგიონში და იმ გამოწვევების დაძლევის ერთობლივ ღონისძიებებთან მიმართებაში, რომელიც აქტუალურია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის. ბუნებრივია, ამერიკის შეერთებული შტატები ჩართულია ყველა მნიშვნელოვან გამოწვევასთან გამკლავების პროცესში და ისინი ხედავენ ჩვენს ფუნქციას და ჩართულობას.
ეს ვიზიტი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მომავალი ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ საშუალება გვქონდა განგვეხილა აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითადი მიმართულება. მოვისმინეთ პოზიტიური და მაღალი შეფასებები საქართველოსთან მიმართებით, როგორც თეთრი სახლის, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. საინტერესო და შინაარსიანი იყო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან უშიშროების საკითხებში – ჯონ ბოლტონთან. მან აღნიშნა, რომ საქართველო არის უაღრესად ძლიერი მაგალითი რეგიონში სტაბილურობის, განვითარების და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, რაც მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან გვაქვს ძალიან დადებითი შეფასება.
აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან საქართველოს აქვს უპრეცედენტოდ მაღალის დონის ურთიერთობები, რაზეც გახშირებული ორმხრივი ვიზიტებიც მეტყველებს. ჩვენ გვახსოვს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, როდესაც მან ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთა საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან და აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ურთიერთობებთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის ამჟამინდელი ვიზიტის მთავარი მიმართულებაც სწორედ ეს საკითხები იყო. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ეს საჯაროდ იქნა გაცხადებული როგორც ადმინისტრაციის, ასევე თეთრი სახლის მიერ“.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აშშ-სთან ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების შესაძლებლობა იყო.
„ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ძალიან პოზიტიური განწყობა თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით. ეს განპირობებულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ძალიან თამამი და ეფექტიანი ნაბიჯებით, რომელიც ეკონომიკური სიტუაციის გაჯანსაღებისკენაა მიმართული. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი. გავმართეთ ნაყოფიერი შეხვედრები მსოფლიო ბანკსა და სავალუტო ფონდში, სადაც საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის სწრორი ხედვა აღინიშნა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით. იყო საუბარი ახალ ინიციატივებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის პროგრამაშია ასახული. ჩვენ გვექნება მხარდაჭერა განათლების მიმართულებით. პოზიტიურად შეფასდა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც საქართველოს აქვს და ვფიქრობ, ეს ვიზიტი იყო კარგი შესაძლებლობა შემდგომი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები