თამარ ჩიბურდანიძე: როგორი სისხლგაყინული უნდა იყოს ადამიანი, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოყოლილ ამ ისტორიებს უსმენდეს და მაინც „ნაცმოძრაობის” მხარდამჭერად დარჩეს
„რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი სასჯელი, როცა შენი საკუთარი ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას შენი დანახვა აღარ უნდა”, – ასე უპასუხა „ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას საგამოძიებო კომისიაზე განხილულ ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თუ რა სასჯელს იმსახურებდნენ ამ საქმის მთავარი მოქმედი პირები.
თამარ ჩიბურდანიძის თქმით, წარმოუდგენელია, თუ როგორი სისხლ გაყინული უნდა იყოს ადამიანი, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოყოლილ ამ ისტორიებს უსმენდეს და მაინც „ნაცმოძრაობის” მხარდამჭერად დარჩეს.
„მართალია, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მხარდამჭერები ჰყავთ, მაგრამ როგორც კი ამგვარ კადრებს გაუშვებ, როგორიც თუნდაც ნავთლუღის სპეცოპერაცია იყო და მოსახლეობას იმდროინდელ პროცესებს გაახსენებ, იმ წამშივე საზოგადოების ისეთი მობილიზება იწყება, როგორიც 2012 წელს იყო, „ნაცმოძრაობის” რეჟიმის წინააღმდეგ.
არ მესმის, ადამიანი როგორი სისხლ გაყინული უნდა იყოს, რომ საგამოძიებო კომისიაზე მოყოლილ ამ ისტორიებს უსმენდეს და გული არ ეტკინოს. მით უმეტეს, არ მესმის, ამის შემდეგ კიდევ როგორ შეიძლება ამ ძალის მხარდამჭერად დარჩე და მათ ამაგრებდე რუსთაველზე. ან, რა დონის უსირცხვილოები და უსამართლოები უნდა იყვნენ ის უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ისევ ამ სისხლიანი რეჟიმის გვერდით არიან და მათ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ.
რასაც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვუსმენთ, იმ ახალგაზრდებმა, იმ დროს რომ მცირეწლოვნები იყვნენ, არ იციან და ამიტომ, სააკაშვილი მართლა დემოკრატიის შუქურა ჰგონიათ. ამავდროულად, ეს რეჟიმი თითქოს წარსულია, თუმცა, უბედურება ისაა, რომ ის ისევ დაბრუნებას ცდილობს და ამაში, სამწუხაროდ, დასავლეთიდანაც იღებს დახმარებას. [სწორედ ამიტომ არის საგამოძიებო კომისიის ფორმატი მნიშვნელოვანი, რომ ამ ახალგაზრდებამდეც მივიდეს სწორი ინფორმაცია და მოსახლეობის დანარჩენმა ნაწილმაც გაიხსენოს, თუ რა დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდა ქვეყანას]”, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.