სტიუარტ ჰოლიდეი: არსებობს შესაძლებლობები, რომელთა განვითარება და აშშ-საქართველოს ეკონომიკური კავშირების გაძლიერება უნდა მოხდეს

ჩვენ დღეს მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხედვა იმ რეფორმების შესახებ, რომლებსაც ახორციელებს, რათა საინვესტიციო გარემო ნამდვილად მიესალმებოდეს ამერიკულ ბიზნესს, – ამის შესახებ “მერიდიანის საერთაშორისო ცენტრის” პრეზიდენტმა, სტიუარტ ჰოლიდეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის შეხვედრა აშშ-საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მოსურნე სხვადასხვა კორპორაციის ხელმძღვანელთა ჯგუფთან მისასალმებელია. “საუბარი, ძირითადად, შეეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების გზებს – იქნება ეს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში. უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხედვა გვინდოდა მოგვესმინა იმ რეფორმების შესახებ, რომლებსაც ახორციელებს იმისათვის, რომ საინვესტიციო გარემო ნამდვილად მიესალმებოდეს ამერიკულ ბიზნესს. ჩვენ საქართველოში უკვე ვახორციელებთ კაპიტალდაბანდებას. უცხოეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციას (OPIC), რომელიც ამერიკის მთავრობის ნაწილია, მეტი საპროექტო ინიციატივა აქვს საქართველოში და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული სახის პროექტების განხორციელებას აპირებს. ამდენად, ისედაც ბევრი რამ ხორციელდება, თუმცა მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებზე გასვლის შესაძლებლობის მნიშვნელობას, აშშ-საქართველოს შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას და, რა თქმა უნდა, პირდაპირ რეისებს ამ ორ ქვეყანას შორის. არსებობს შესაძლებლობები, რომელთა განვითარება და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება უნდა მოხდეს”, – განაცხადა სტიუარტ ჰოლიდეიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკული ბიზნესწრეების წარმომადგენლებს დღეს “მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში”, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები