ბიბილოვი “საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებზე” საუბრობს და წინასაარჩევნოდ “მეტ პროვოკაციას” პროგნოზირებს
ე.წ.სამხრეთ ოსეთის და საქართველოს “საზღვარზე” რეგულარულად ხდება სხვადასხვა ინციდენტები, წელს უკვე დაახლოებით 400 დაკავება მოხდა, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
“წელს საზღვარზე დაახლოებით 400 დაკავება მოხდა. ძირითადად რა თქმა უნდა დარღვევები შიდა მეურნეობის ხასიათის იყო და უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველოს საზღვრის დემარკაცია არ სურს. ჩვენი ვარაუდით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩვენი მეზობლები პროვოკაციულად ჩაატარებენ წინასაარჩევნო აგიტაციას, და ამომრჩევლებს თავის ფსევდო პატრიოტიზმს აჩვენებენ”, – ე.წ სამხრეთ ოსეთის ლიდერმა გაზეთ “Известия”-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა რეგულარულ დარღვევებზე საუბრისას განმარტა, რომ საქმე მხოლოდ საზღვრის დარღვევას არ ეხება, რომელთა შორის იყო, როგორც შემთხვევითი, ისე განზრახ და ასევე პროვოკაციული, “საქართველოს მთავრობა ამას ორგანიზებას უკეთებს რათა მოსახლეობის ყურადღება შიდა პრობლემებიდან ამ მიმართულებით გადაიტანოს”.
“ხშირად ისინი ჩვენს საგზაო ნიშნებს აფუჭებენ, იყო მცდელობა საზღვრის გადალახვის დიდი ჯგუფებით რათა რატომღაც საჭირო იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთში საეკლესიო წირვის ჩატარება”, – განმარტა მან.