„დაშინებული, უსახსრო ექიმი არის საცოდაობა“ – “ექიმთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მედიკოსების უფლებების დარღვევაზე საუბრობს

„ექიმთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, გია ლობჟანიძისა და „პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნანა სანაიას განცხადებით, საქართველოში ექიმების უფლებები სათანადოდ არაა დაცული.
ამის შესახებ გია ლობჟანიძემ და ნანა სანაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. საქმე ეხება ექიმების გართულებული სამედიცინო საქმეების მედიით გაშუქებასა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას.
როგორც ნანა სანაიამ აღნიშნა, ექიმების შეცდომების შესახებ ამბები ხშირად ტენდენციურად შუქდება, რა დროსაც ექიმის რეპუტაციას ზიანი ადგება და პაციენტები ექიმების მიმართ ნეგატიურად განეწყობიან. მისივე თქმით, ვითარების გამოსასწორებლად საკანონმდებლო რეფორმის გატარებაა აუცილებელი.
„უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვაა მნიშვნელოვანი. ფაქტის არასწორი კონსტატაცია იწვევს აგრესიას ექიმების მიმართ, ეს უარყოფითად აისახება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე.
საჭიროა, საზოგადოების ყველა ფენის ფართო ჩართულობით, ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი შეიქმნას, რათა დავიცვათ ექიმებისა და პაციენტების უფლებები“, – განაცხადა ნანა სანაიამ.
გია ლობჟანიძის თქმით, მასმედიაში არასწორად გაშუქების შემთხვევები საზოგადოებას ექიმების მიმართ ნდობას უკარგავს.
„მედიცინა მაღალი რისკის პროფესიაა. გვინდა, არ გვინდა, ყოველი 1000 კლინიკური შემთხვევიდან ერთი ლეტალობით მთავრდება. მას ვერ შევადარებთ ვერცერთ სპეციალობას. ჯანდაცვის სისტემაში ორი უზენაესი პრინციპია: პაციენტის უფლებების დაცვა და ექიმის ავტონომიურობა , მისი კლინიკური ხელშეუხებლობა. თუ ეს ორი პრინციპი არ არის გატარებული იმ სახელმწიფოში ჯანდაცვის სისტემა გამართულად ვერ იმუშავებს.
მასმედიაში არასწორად გაშუქების შემთხვევების გამო, საზოგადოება ნდობას ექიმის მიმართ კარგავს, ექიმსაც ეშინია დიდი პასუხისმგებლობის აღება, ქვეცნობიერად ის დათრგუნულია, მას დამოკლეს მახვილივით ელოდება რაღაც გადაცემა, სიუჟეტი, შემდეგ სამინისტროში საკითხის განხილვა, სერთიფიკატის ჩამორთმევა ან შეჩერება, შემდეგ სასამართლოში ან პროკურატურაში დაბარება და ა.შ. ამით ვაგებთ ყველანი. საზოგადოება ამით დაშინებულია. დაშინებული და მშიერი , უსახსრო ექიმი არის საცოდაობა და კატასტროფა ქვეყნისათვის“, – განაცხადა ლობჟანიძემ.
მისივე თქმით, მედიით გაშუქებისას უდანაშაულობის პრეზუმცია დაცული უნდა იყოს.
„ექიმის სახე არ უნდა ჩანდეს, ხშირად ხდება ასე: მითითებულია ექიმის სახელი, გვარი, კლინიკის დასახელება. მის რეპუტაციაზე, ღირსებაზე ვინმე ფიქრობს? არ ფიქრობს. ვინმემ დაითვალა და შეისწავლა, ვთქვათ, წელიწადში გაკეთდა 50 ნეგატიური გადაცემა, საბოლოო ჯამში ამ 50 შემთხვევიდან რამდენ შემთხვევაში გამართლდა კლინიკა, ექიმი? უდიდეს შემთხვევაში, არავინ ეს სტატისტიკა არ გააშუქა. არავინ თქვა, რომ აქ ექიმი დამნაშავე არ ყოფილა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ექიმები.
მთავარი გამოსავალი არის ის, რომ კანონპროექტში ჩაიდოს და შევთანხმდეთ ჟურნალისტებთან, რომ არ იყოს მითითებული ექიმის გვარი, კლინიკის დასახელება, სადაც შემთხვევა მოხდა. ჟურნალისტს მოეთხოვოს, რომ სრულად შეისწავლოს საკითხი. სანამ სრულად არ შეისწავლის და არ დარწმუნდება, არ გააშუქოს ასეთი მასალა“, – განაცხადა ლობჟანიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები