აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი სირიის პრემიერ მინისტრს შეხვდა
გუშინ, 6 სექტემბერს, აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სირიის პრემიერ-მინისტრს, იმად ხასისომს სირიის არაბულ რესპუბლიკაში “ოფიციალური ვიზიტისას” შეხვდა.
“მოხარული ვართ თქვენი ვიზიტით და ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას. ჩვენ თვალს ვადევნებთ “აფხაზეთის რესპუბლიკას” და ვიმედოვნებთ, რომ სირიასთან ურთიერთობა თქვენი “ქვეყნის” განვითარებას შეუწყობს ხელს. გვწამს, რომ თქვენი ვიზიტი სასიკეთო შედეგს გამოიღებს ჩვენი ქვეყნებისთვის”, – განაცხადა სირიის პრემიერ-მინისტრმა.
რაულ ხაჯიმბამ სირიის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
“ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა. აფხაზეთის “ოფიციალური დელეგაცია” პირველად ეწვია სირიას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს და წარმატებული იყოს “ორივე ქვეყნის” მოქალაქეებისთვის. დოკუმენტები, რომელსაც დღეს ხელს მოვაწერთ, ჩვენი “ქვეყნების” ურთიერთობებისთვის ძლიერი იმპულსი იქნება”.
მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებმა თანამშრომლობის შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც, იგეგმება სირია- დეფაქტო აფხაზეთის ეკონომიკის, სავაჭრო, სამეცნიერო, ტექნიკური და კულტურულ თანამშრომლობის კომიტეტების შექმნა.