მამუკა ბახტაძე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ ვითარებას ჰუმანიტარულ კატასტროფას უწოდებს

“იმას, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ვერანაირ სხვა სახელს ვერ დავარქმევთ, თუ არა ჰუმანიტარულ კატასტროფას”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სასტუმრო „რუმსში“, „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ომამდე, ცხინვალის რეგიონში 120 000 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი ეს რიცხვი 20 000-ს შეადგენს, ხოლო აფხაზეთში 500 000-იანი მოსახლეობა 120 000-მდე შემცირდა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მტკივნეული გამოწვევები. საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ ჯერ კიდევ ოკუპირებულია. იმას, რაც ამ ტერიტორიებზე ხდება, ვერანაირ სხვა სახელს ვერ დავარქმევთ, თუ არა ჰუმანიტარულ კატასტროფას. ცხინვალის რეგიონში, ომამდე, იყო 120 000-მდე ადამიანი, დღეს, სამწუხაროდ, ამ რეგიონში არ არის დარჩენილი 20 000 ადამიანზე მეტი, აქედან 7 000-ს შეადგენენ რუსეთის ჯარის სამხედრო მოსამსახურეები. ეს არის ძალიან მტკივნეული გამოწვევა. აფხაზეთშიც, სამწუხაროდ, იგივე სიტუაცია გვაქვს. ომის პერიოდამდე, მოსახლეობა შეადგენდა 500 000-ზე მეტს, დღეს კი ამ ტერიტორიაზე 120 000 ადამიანზე მეტი არ ცხოვრობს. ჩვენი პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მშვიდობა და განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტის მშენებლობა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს თავისი ნიჭისა და შესაძლებლობის რეალიზაციას ჩვენს საერთო სამშობლოში. თუმცა, ბუნებრივია, ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობრების დახმარება და ჩვენ ვიცით, თქვენ მტკიცედ დგახართ ქართული დემოკრატიის გვერდით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები