თბილისში „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, თბილისში „პროგრესული ალიანსის“ (PA) ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია – „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ მიმდინარეობს.
„პროგრესული ალიანსის“ თბილისის კონფერენცია ეძღვნება გლობალურ გამოწვევებს – შრომის პერსპექტივებს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში და საქართველოში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა უმუშევრობა.
კონფერენციის მონაწილეები ასევე განიხილავენ ალიანსის წევრი ქვეყნების რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პერსპექტივებს.
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, „პროგრესული ალიანსის“ გამგეობის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „პროგრესული ალიანსის“ კოორდინატორი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან (SPD) – კონსტანტინ ვოინოვი.
კონფერენციაში მონაწილეობს „პროგრესული ალიანსის“ წევრი, 50-ზე მეტი მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმარი: ალიანსის გამგეობის წევრები, ევროპის “სოციალისტური პარტიის” თავმჯდომარე, ევროპარლამენტის “სოციალისტებისა” და “დემოკრატების” პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელები და წევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები,  აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები.
კონფერენციასთან ერთად, გაიმართება „პროგრესული ალიანსის“ გამგეობის წევრთა შეხვედრაც, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან ერთად, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილება.
„პროგრესული ალიანსი“ მსოფლიოს “სოციალისტების”, “სოციალ-დემოკრატების”, ასევე, სხვა პროგრესული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომელიც 2013 წელს გერმანიის “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” (SPD) ინიციატივით შეიქმნა. მასში გაერთიანებულია მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი, 120-მდე პოლიტიკური პარტია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამჟამად ალიანსს თავმჯდომარეობს ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ შულცი. პარტია „ქართული ოცნება“ „პროგრესული ალიანსის“ სრულუფლებიანი წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები