ზაალ ანჯაფარიძე: აფხაზები გაურკვევლობაში არიან, არ იციან, რა გააკეთონ და ასე სპონტანურად ცდილობენ, თავი გადაირჩინონ
“აფხაზები არიან ჩავარდნილი გაურკვევლობაში, არ იციან, რა გააკეთონ და ასე სპონტანურად ცდილობენ, ამ ეტაპზე თავი გადაირჩინონ”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას ბოლოდროინდელ შეფასებებს.
თემასთან დაკავშირებით, ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონეფრენციაზე ისაუბრა.
„სამწუხაროდ, ჩვენს მედიაში ძალიან ზედაპირულად გაშუქდა შამბას ინტერვიუ, კარგი იქნებოდა, თავიდან ბოლომდე მოესმინათ, რა თქვა მან ამ ინტერვიუში, რა აქცენტები დასვა და მერე გაკეთებულიყო შეფასებები. შამბამ თავის ინტერვიუში თქვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელსაც რატომღაც ჩვენმა მედიამ და ექსპერტების ნაწილმა გვერდი აუარა – მან თქვა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი არ იყო ეთნიკური კონფლიქტი და ეს იყო უფრო პოლიტიკური კონფლიქტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი და გასაგებია, რატომაც სურთ, ამ კონფლიქტს ააცილონ ეთნიკური ნიშანი. თუ ეს კონფლიქტი ჩაითვლება ეთნიკურად, მაშინ აფხაზურ მხარეს შეიძლება, წაეყენოს სერიოზული ბრალდება, ქართველთა ეთნოწმენდის მოწყობის კუთხით. ეთნოწმენდის მოწყობა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ამ სეპარატისტული რეჟიმის თავზე და ბუნებრივია, მათ პრობლემებს უქმნის საერთაშორისო არენაზე, შესაბამისად, მათ სურთ, ეს კონფლიქტი უფრო პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ“, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, შამბას გზავნილებს რამდენიმე მისამართი ჰქონდა.
„ის მესიჯები, რომელიც შამბასგან წამოვიდა, გაკეთდა კრემლთან დაახლოებული Эхо Москвы-ს ეთერში, ეს რომ გაკეთებულიყო სოხუმში, აფხაზური საზოგადოების თავყრილობის წინაშე, მაშინ ამას სხვა დატვირთვა ექნებოდა. ეს გზავნილები განკუთვნილი იყო ქართველებისთვის, მოსკოვისთვის, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მოსკოვისთვის იმ კუთხით, რომ აი, თუ მეტს არ დაგვეხმარებით, მეტს არ მოგვცემთ, შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ჩვენ ქართველებისკენ, სხვაგან გავიხედოთ. ქართველებს სატყუარა გადმოუგდო – თუ მოვილაპარაკებთ რაღაცაზე, თუ გვაღიარებთ, შესაძლოა, კეთილმეზობლური ურთიერთობებიც აღვადგინოთო. მაგრამ, შამბა თავად ვარდება წინააღმდეგობაში საკუთარ თავთან. მან ინტერვიუში აღიარა, რომ ის არის ავტორი პროექტისა, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის გადაქცევას რუსეთის ფედერაციის ასოცირებულ წევრად. თქვა, რომ ის გააგრძელებს ამ პროექტის ლობირებას. რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი, როცა ქვეყანა იქცევა რუსეთის ასოცირებულ წევრად? აფხაზები არიან ჩავარდნილი გაურკვევლობაში, არ იციან, რა გააკეთონ და ასე სპონტანურად ცდილობენ, რომ ამ ეტაპზე თავი გადაირჩინონ, იმიტომ, რომ იქ არის უმძიმესი ეკნომიკური და სოციალური ვითარება. ასეთი პატარ-პატარა “შეჯანჯღარებებით”, ცდილობენ, რუსეთის ყურადღება მიიპყრონ, რომ აფხაზებს შემცირებული საბიუჯეტო დაფინანასება გაუზარდონ და ასევე, ქართველებთანაც რაღაცნაირი ხიდები გადონ“, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, შამბამ განაცხადა, რომ ურთიერთობების დალაგების დრო მოვიდა.
„მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. კი, ჩვენ გვქონდა ეთნიკური კონფლიქტი, თუმცა ის დიდწილად, პოლიტიკური კონფლიქტი იყო”, – განაცხადა შამბამ რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
აგვისტოს ბოლოს, შამბამ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში უპასუხისმგებლო ადამიანები იმყოფებიან, რომლებმაც მართვა არ იციან.
„ვითარება თუ არ გამოსწორდება, მოგვიწევს, მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ“, – განაცხადა სერგეი შამბამ „ოპოზიციური ძალების ბლოკის“ შეკრებაზე.
თამუნა შეყილაძე