ოთარ ანგურიძე: „საქსტატის“ კვლევა ცხადყოფს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საქმიანობის სახეების მიხედვით გააქტიურებულია

„ეკონომიკის ყველა სექტორში გაზრდილია, როგორც ბრუნვა ასევე საერთო გამოშვება, რაც პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს“, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ განაცხადა.
ანგურიძე „საქსტატის“ მიერ 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საწარმოთა საქმიანობის შედეგები გვიჩვენებს რომ ეკონომიკაში გაზრდილია კერძო სექტორის როლი.
„საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა გაზრდილია 19,7%-ით და შეადგინა 19,9 მლრდ ლარი. აქედან, მსხვილ საწარმოთა ბრუნვა გაიზარდა 22,6%-ით, საშუალო საწარმოთა – 25,2%-ით, ხოლო მცირე საწარმოების – 12,6%-ით. დასაქმებულთა 63,2% მოდის მცირე და საშუალო ბიზნესზე. ხოლო ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი ფიქსირდება საშუალო საწარმოებზე – 1303,2 ლარი, შემდეგ მოდის მსხვილი ბიზნესი – 1210,3 ლარით და მცირე ბიზნესი – 996,3 ლარით. აქვე აღსანიშნავია, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობამ მოიმატა 4%-ით და 25,2 ათასით მეტი ახალი ადგილი შეიქმნა წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ოთარ ანგურიძის განცხადებით, ასევე, პოზიტიურ ტენდეციად შეიძლება ჩაითვალოს ბიზნეს სექტორის გამოშვების ზრდა 12,7%-ით (10 მლრდ ლარი), სადაც მსხვილი საწარმოთა გამოშვების ზრდა შეადგენს 11,5%-ს, საშუალო საწარმოების გამოშვება 15.9%-ით და საშუალო საწარმოების 11,9%.დამამუშავებელი მრეწველობის მზარდი ტენდეცია, რომელიც შეადგენს 22,9%-ს, რომელსაც მოსდევს მშენებლობა 18,7%-ით.
„მოცემული კვლევა ცხადყოფს, რომ გააქტიურებულია მცირე და საშუალო ბიზნესი. იმ შემთხვევაში თუ, უფრო მეტი ხელშეწყობა იქნება ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით შესაძლებელია უახლოეს მომავალში გაიზარდოს მცირე და საშუალო საწარმოთა მოცულობა საქართველოს ეკონომიკაში,“ – განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები