გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 35 484 კვადრატული მეტრია, განთავსდება ორი საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, მოეწყობა დეკის ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცე, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი, ასევე, დახურული სივრცე, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. არკის გარშემო საველოსიპედე ბილიკი მოეწყობა, რომელიც დაახლოებით 700 მეტრია.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, პარკში არსებული მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა სრულად იცვლება და დამატებით, სეპარირების ურნები განთავსდება. გარდა ამისა, ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე, სარწყავი სისტემა და განათება მოეწყობა. ამასთან, აღნიშნულ პარკში, სანიტარული ჭრის ფარგლებში, მოიჭრება ზეხმელი ხეები, დაირგვება 15 სახეობის 462 ნერგი და 6 სახეობის 2300 ძირი ბუჩქი (ევროპული მუხა, ჩვეულებრივი იფანი, ამერიკული ნეკერჩხალი, მინდვრის ნეკერჩხალი, იტალიური ფიჭვი, უნგრული ცაცხვი, ამბრის ხე, არიზონის კვიპაროსი, არღავანი, გრძელფოთოლა იფანი, კატალპა, მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი (ლეკა), იაპონური სოფორა, ოქროსფერი ნეკერჩხალი, ლეილანდის კუპრესოციპარისი, ფოტინია, უცვეთელა, იასამანი, სურნელოვანი ოსმანთუსი, მარადმწვანე ძახველი, ტუია.), ასევე, დაიგება ბალახის საფარი.
პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებით სამშენებლო კომპანია „აქსისი“ დაინტერესდა, რომელსაც სურვილი აქვს, პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოები 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 2 497 152 ლარია.