იყო თუ არა სტრიპტიზ-ბარი კომპოზიტორთა კავშირის შენობაში – სკანდალურ თემაზე დასკვნა გასაჯაროვდა
კომპოზიტორთა კავშირის შენობის პირველ სართულზე განთავსებულ კაფე-ბარში სტრიპტიზ-კლუბის არსებობისა და მასში არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ფაქტები არ დასტურდება. შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია – ნათქვამია შს სამმართველოს დასკვნაში, რომელიც კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ კახა ცაბაძემ მიიღო. დასკვნას, რომელიც „კვირას“ კახა ცაბაძემ საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობას გადმოსცა, საგანგებო განცხადებაც თან ერთვის. დასკვნის თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად გამოძიება არ დაიწყება.
ამონარიდი დასკვნიდან: „ბატონო კახა, ქ. თბილისის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის V განყოფილებაში განხილული და შესწავლილი იქნა ჩვენ მიერ საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის კახა ცაბაძის განცხადება, რომელიც მიუთითებს 2014 წლის 3 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ეთერში და 9 მაისს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარის გიორგი ბურჯანაძის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე, კომპოზიტორთა კავშირის შენობაში, დავით აღმაშენებლის გამზ. #123-ში, პირველ სართულზე განთავსებულ კაფე-ბარში სტრიპტის-კლუბის არსებობისა და მასში არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ფაქტებზე.
განცხადებაში მითითებული ფაქტების ირგვლივ შედგა შესაბამისი გამოკითხვის ოქმები და დადგინდა, რომ ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, გამოძიება არ დაიწყება. სხვა სადავო საკითხების გადაწყვეტის მიზნით თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროულად გასაჯაროვდეს სამართალდამცავთა მიერ წარმოდგენილი წერილის შინაარსი და შეცდომაში შეყვანილ საზოგადოებას მიეწოდოს რეალური ინფორმაცია, ხოლო მთელი კავშირის დისკრედიტაციისათვის დადგეს ცილისმწამებელთა სამართლებრივი პახუსისმგებლობის საკითხი“, – აღნიშნულია გამგეობის განცხადებაში.
როგორც კახა ცაბაძემ „კვირას“ განუცხადა, რაც შეეხება საკითხის სამართლებრივ შეფასებას, იგი იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს, უჩივლებს, თუ არა სხვადასხვა მედიასაშუალებას სასამართლოში.
„მე მაინც მიმაჩნია, რომ დასასჯელია ყველა, ვინც, ნებით თუ უნებლიედ, კომპოზიტორთა კავშირის შესახებ ამ ცილისმწამებლურ ინფორმაციებს ავრცელებს. არსებობს დოკუმენტები და ვისაც სურს, მივაწოდებ. რომ იძახიან ფული გაიფლანგაო, ხომ არსებობს ბუღალტერია, მობრძანდით ჩვენთან და ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდებ საბუღალტრო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციას. თავის მართლების არც მე და არც კომპოზიტორთა კავშირს არაფერი გვჭირს“, – აღნიშნა კახა ცაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპოზიტორთა კავშირის სახლის შენობაში, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს, საღამოობით ღამის კლუბი „დისკო ბეირუთი“ იწყებს მუშაობას. როგორც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, კლუბს 13-14 წლის ქართველი გოგონებიც სტუმრობენ და კლუბის მესვეურები არასრულწლოვანთა პროსტიტუციით არიან დაკავებულნი.
კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე კახა ცაბაძე ამბობს, რომ ბარს ფართი ხელშეკრულების საფუძველზე დაუთმეს და არ იცის, რა ხდება იქ საღამოობით:
„შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, რა ხდება იქ ყოველ საღამოს. თუ არღვევენ კანონს, არსებობენ შესაბამისი ორგანოები და დასაჯონ“, – ამბობს კახა ცაბაძე.
„კვირას“ ინფორმაციით, 17 მაისს კომპოზიტორთა კავშირში კომპოზიტორები შეიკრიბებიან და კრება გაიმართება. როგორც „კვირას“ კომპოზიტორმა მაცაცო სებისკვერაძემ განუცხადა, მასაც დაურეკეს და კრების ჩატარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„კომპოზიტორებს უამრავი პრეტენზია დაგვიგროვდა კახა ცაბაძის მიმართ. არაფერს არ აკეთებს ეს კაცი. ხვალ სხვადასხვა საკითხი იქნება განხილული. დამირეკეს და ხვალ მივდივარ“, – აღნიშნა მაცაცო სებისკვერაძემ.
თავად კახა ცაბაძე კომპოზიტორთა კავშირის შენობაში კრების ჩატარების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„თუ ვინმე ვარსკვლავთ-გოგონები და ვარსკვლავთ-ბიჭუნები რაღაცა ბინძურ ინფორმაციებს ავრცელებენ ჩვენს მიმართ, კომპოზიტორთა კავშირს თავისი ისტორია აქვს, რომელსაც წლების განმავლობაში მამაჩემიც ქმნიდა, ამას ასე იოლად არავის შევალახვინებ. ეს კარგად უნდა იცოდეს ყველამ! კომპოზიტორთა კავშირს ხვალ კრება დანიშნული არ აქვს. რადგანაც, წესდების მიხედვით, კრებას ნიშნავს კავშირის თავმჯდომარე, გამგეობა ან სარევიზიო კომისია. ისიც იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის დარღვევებს პოულობს. ახლა ვიღაცას კრება მოუნდა, ქუჩაში ხეზე რაღაცა გააკრა – მოდი, შევიკრიბოითო, ეს კრების ჩატარებას არ ნიშნავს. თუ ვინმეს სურს კრების ჩატარება, უნდა მიმართოს გამგეობას და გამგეობის წევრები განიხილავენ მაგ საკითხს. ყველაფერი წესდების მიხედვით უნდა გადაწყდეს“, – ამბობს კახა ცაბაძე.
„კვირა“ კიდევ ერთ კომპოზიტორს – მარიკა კვალიაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ის ნამდვილად მიდის კომპოზიტორთა კავშირში კრებაზე, სადაც მასთან ერთად სხვა კომპოზიტორებიც იკრიბებიან.
„გვაცალეთ ყველამ. თავად – ჩვენ, კომპოზიტორები უნდა გავერკვიოთ ყველაფერში. სწორედ იმიტომ მივდივარ ხვალ კრებაზე, რომ სიმართლე დადგინდეს. თუ ვინმეს უნდა სიმართლის დადგენა და კახას გვერდით დგომა, ეს მე ვარ. თუ კახა არ დაგვიშვებს კრებაზე, ჩვენ მაინც ჩავატარებთ მას, რადგან, პირველ რიგში, მე მინდა, რომ კახა მართალი იყოს და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. მაშინ რა საჭირო იყო ამხელა ამბების ატეხვა. ხვალ ბევრი რამ გაირკვევა“, – განუცხადა „კვირას“ მარიკა კვალიაშვილმა.
კომპოზიტორები კავშირის შენობაში ხვალ, 17 მაისს, 1 საათისთვის იკრიბებიან.
იზა შაქარაშვილი