ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ, მიმდინარე წლის 13-20 მარტს საქართველოში ჩატარებული აუდიტის საბოლოო ანგარიში მიიღო.
ორგანიზაციის მიერ შესწავლილ იქნა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს შემოწმების შედეგები და აუდიტორების მიერ ადგილზე მოპოვებული მტკიცებულებები.

„ICAO-ს კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტის საბოლოო დასკვნით, მაჩვენებლები მარტში დაფიქსირებულ წინასწარ შედეგებზე მაღალია და შემოწმებული კომპონეტების მიხედვით ასე გამოიყურება: სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობის (ANS) ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელმა 96.51%-ი შეადგინა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 63.94%-ს შეადგენს; სააგენტოს მიერ აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობის მაჩვენებელი 92.36%-ს გაუტოლდა.
მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 59.81%-ს შეადგენს; ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაცია საავიაციო კანონმდებლობის ნაწილში (LEG) გახდა – 95.24%. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 72.05%-ს შეადგენს; ორგანიზაციულ ნაწილი (ORG), რომელიც საავიაციო ხელისუფლების ორგანიზაციულ-სტრუქტურულ, ფინანსურ და ადამიანურ შესაძლებლობებს სწავლობს 91.67%-მდე გაუმჯობესდა.
მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 69.05%-ია; სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს მიერ საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის (AIG) ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელი – 91.09% გახდა. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი აღნიშნულ კომპონენტში 55.81%-ია“,- ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა. ახალი მაჩვენებლებით საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით მსოფლიოში ოცდამეათე, ევროპაში მეათე, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზეა (მონაცემები ცვალებადია წევრ სახელმწიფოებში ჩატარებული აუდიტების შედეგების მიხედვით). ცნობისთვის, საქართველო ICAO-ს წევრი 1994 წელს გახდა. 2007 წელს, ICAO-ოს საავიაციო სისტემის ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველო ვერ ასრულებდა საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების 68%-ს. აუდიტმა დაასკვნა, რომ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება ვერ ახორციელებდა მასზე დელეგირებულ ვალდებულებებს, მათ შორის სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა ფრენების უსაფრთხოებაზე საკმარის ზედამხედველობას. 2010 წელს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განხორციელებულიყო რეფორმა, რომლის პირველი ეტაპი დასრულდა 2011 წლის 15 აპრილს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შექმნით. რეფორმამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შესაძლებლობა მისცა, აღედგინა ეფექტური კონტროლი ფრენების უსაფრთხოებაზე, ჩამოეყალიბებინა საავიაციო დარგში არსებული მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა, აეყვანა და ჰყოლოდა საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისათვის საკმარისი და კვალიფიციური პერსონალი, ჰქონოდა საკუთარი ფინანსური რესურსები მათი შენარჩუნების, სწავლებისა და პროფესიული მომზადება/გადამზადებისთვის. 2013 წლის ყოვლისმომცველმა აუდიტმა აჩვენა, რომ 2007 წლის აუდიტთან შედარებით საქართველოს ჰქონდა 24%-ით უკეთესი საერთო მაჩვენებელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით.
2015 წელს, თითქმის 30%-ით გაუმჯობესდა საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის მაჩვენებლები. 2016 წელს, საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების (ავიაკომპანიების) ზედამხედველობა გაუმჯობესდა 82.48%-მდე (მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 68.55%), ხოლო საჰაერო ხომალდების ვარგისობის ზედამხედველობის (AIR) ხარისხი 83.33%-მდე გაიზარდა (მს. საშუალო მაჩვენებელი 77.97%). 2016 წლის აუდიტის ფარგლებში, საქართველომ პირველად გადააჭარბა ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს და 64.76%-იანი შედეგი აჩვენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები