ანატოლი ბიბილოვი: მე, არ ვიტყვი უარს ეროვნულ იდეაზე – რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე

„მე არ ვამბობ და არ ვიტყვი უარს ეროვნულ იდეაზე – რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე“ – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომელიც მოსკოვიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის თქმით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ე.წ. რესპუბლიკის მოსახლეობის ნაციონალური იდეა და მისი ცხოვრების სტიმულია.
„ჩვენი რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2008 წლის 26 აგვისტოს მოხდა. მე არ ვამბობ და არ ვიტყვი უარს ეროვნულ იდეაზე – რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე. ჩემთვის ეს არის ცხოვრების სტიმული და მიზანი, რომელსაც ჩვენმა ხალხმა უნდა მიაღწიოს. მსურს, ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში ვიხილო“, – განაცხადა ბიბილოვმა.
ოსეთის ე. წ. პრეზიდენტი საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტსაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ კანცლერმა დურბინდიდან დაინახა, თუ როგორ ვითარდება სამხრეთ ოსეთი.
”ოსები ცივილიზებული ხალხი ვართ. ჩვენ სტუმრებს კარიდან ვიღებთ და არა ბაღებიდან, ამიტომ ვეპატიჟებით გერმანიის კანცლერს, რომ რესპუბლიკაში კარიდან შემოვიდეს,” – განაცხადა ბიბილოვმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ანგელა მერკელმა დურბინდით საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიები დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები