მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს ისტორიული უწოდა
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერის, საქართველოში ვიზიტი შეაფასა და ანგელა მერკელის საქართველოში სტუმრობას ისტორიული მოვლენა უწოდა.
მამუკა ბახტაძემ ეს განცხადება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა, სადაც გერმანიის კანცლერთან ერთად იმყოფებოდა.
„საქართველოში გერმანიის ფედერალური კანცლერის ისტორიული ვიზიტი დასრულდა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვქონდა, სადაც როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხები განვიხილეთ. გერმანია ჩვენი ერთგული მხარდამჭერი და მეგობარი ქვეყანაა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„მსურს, ქალბატონ კანცლერს დიდი მადლობა გადავუხადო. ის საქართველოს მართლაც დიდი გულშემატკივარი გახლავთ. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე, რომელიც რუსეთის აგრესიას, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას შეეხება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებს, მართლაც, რომ კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი შეფასებით, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ევროკავშირსა და ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე.
„ჩვენ დავსახეთ მიზნები, თუ როგორ უნდა განვამტკიცოთ ეს თანამშრომლობა, ასევე როგორ უნდა დავუახლოოთ საქართველო ევროკავშირს უფრო მეტად “, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ანგელა მერკელმა დღეს საქართველოში ვიზიტი დაასრულა.
გერმანიის კანცლერი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ესტუმრა. კანცლერი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. გუშინ ანგელა მერკელი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, შემდეგ კი, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერსა და სამთავრობო დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.