თამარ ჩუგოშვილი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონკურსის გამოცხადებას კონსულტაციები არ სჭირდება

„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პრეზიდენტი აპირებს, რომ ღია კონკურსი გამოაცხადოს კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, ამიტომ ეს კონსულტაციები ცოტა გაუგებარია, რას ემსახურება“, – აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონკურსის გამოცხადებას კონსულტაციები არ სჭირდება.
მისივე განმარტებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა მნიშვნელოვანი პროცესია და მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.
„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პრეზიდენტი აპირებს, რომ ღია კონკურსი გამოაცხადოს კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, ამიტომ ეს კონსულტაციები ცოტა გაუგებარია, რას ემსახურება. როგორც ვხვდები, კონსულტაციები ტარდებოდა კონკურსის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, ეს კრიტერიუმები კი ყველასთვის ცნობილია. კანონმდებლობითა და კონსტიტუციით განსაზღვრულია, როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მგონი, კონკურსის გამოცხადებას კონსულტაციები და შეხვედრები არ სჭირდება. ისინი წარმართავენ პროცესს, წარმოგვიდგენენ კანდიდატს და პარლამენტი შემდეგ ჩაერთვება. იმედია,  ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ შევარჩიოთ, მოვძებნოთ ღირსეული ადამიანი, რომელიც შეძლებს და პოზიტიურ როლს შეასრულებს იმ პრობლემების დაძლევაში, რომელიც სასამართლო სისტემის შიგნით არსებობს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა.
საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი და ახალი რედაქციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის სხვადასხვა პროცედურებს ითვალისწინებს.
დღეს მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს.
კონსტიტუციის იმ რედაქციის გათვალისწინებით კი, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, 10 წლის ვადით, ასევე პარლამენტი ირჩევს, თუმცა უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.
ამასთან, ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, ფართო კონსულტაციები გამოაცხადა. კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი, პრეზიდენტის მრჩევლების მონაწილეობით, უკვე შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები