ვუჩიჩი: სერბეთი მზადაა, ევროკავშირს საბრძოლო მასალა მიჰყიდოს
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის საბრძოლო მასალის საცავები “სავსეა” და ევროპელი პარტნიორებისთვის მათი მიწოდება შესაძლებელია.
საბრძოლო მასალის უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით, სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მყიდველებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც თავად სურთ.
“ჩვენი საცავები საბრძოლო მასალით სავსეა და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნაღმმტყორცნების ჭურვებს ვაწარმოებთ. ევროპას საბრძოლო მასალა სჭირდება. ამიტომაც, ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება და, რაც გვაქვს, ყველაფრის წაღება შევთავაზე. ეს ევროპის უსაფრთხოებაში ფენომენალური წვლილის შეტანის შესაძლებლობა იქნება”- თქვა ვუჩიჩმა.
მისი თქმით, სერბეთი არასდროს იმოქმედებს ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ და მიიჩნევს, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრობის გზაზეა.
“მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სერბეთი სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურია, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ევროპულ სამხედრო ძალებთან,”- დაამატა მან.