ზესტაფონში ყოველკვირეული მუსიკალური შოუ და მოტორბოლა გაიმართა
ზესტაფონში, მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ზაფხულის ყოველ ორშაბათს, საზაფხულო მუსიკალური შოუ იმართება. 13 აგვისტოს მესამე გასართობი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც პოპულარული ქართველი შემსრულებლები – მარიამ კახელიშვილი და რეზი ქარცივაძე სტუმრობდნენ.
როგორც “კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ხელოვნების სკოლის წინ მოწყობილ სცენაზე, ორსაათიანი კონცერტის განმავლობაში, მომღერლებმა არაერთი ქართული და უცხოური ჰიტი შეასრულეს. კონცერტის დაწყებამდე, ზესტაფონის ცენტრალურ სანაპიროზე მოტორბოლა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობას თბილისის, ბათუმის, ქობულეთის, ქუთაისისა და საქართველოს სხვა ქალაქების 50-ზე მეტი მოტომრბოლელი იღებდა. ღონისძიება „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გაიმართა და სამი გამარჯვებული კომპანიამ ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. საღამოს მონაწილეებსა და მაყურებელს ლუდსახარში „ზედაზენი“ გაუმასპინძლდა.
„გვინდა, გამოვაცოცხლოთ ჩვენი ქალაქი და მუსიკალურ შეხვედრებს ყოველკვირეული სახე მივეცით. ამჯერად „ჯორჯიან მანგანეზი“ და კომპანია „ზედაზენი“ შემოგვიერთდნენ, რომლებმაც ექსტრემალური და საინტერესო საღამო აჩუქეს ზესტაფონს. მადლობა ამ კომპანიებს, თითოეულ შემსრულებელს და ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდობას“, -განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ.