„თანამედროვე საქართველოს დილემების“ II ტომი – მარტინ ოლეინიკის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

7 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში მარტინ ოლეინიკის ახალი წიგნის – „თანამედროვე საქართველოს დილემების“ II ტომის წარდგენა გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მარტინ ოლეინიკი  არის პოლონელი კულტურის ექსპერტი, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი და მკვლევარი, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ვარშავაში მინისტრთა საბჭოს აპარატის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი დირექტორი.
2008 წლიდან მარტინ ოლეინიკი იკვლევს პოლიტიკურ კულტურას თანამედროვე საქართველოში. 2012 წელს გამოვიდა მისი პუბლიკაციის პირველი ნაწილი სახელწოდებით „თანამედროვე საქართველოს დილემები“. ეს არის ქართული პოლიტიკური და სოციალური ელიტის წარმომადგენლებთან, საქართველოს უახლესი ისტორიის მოვლენების მონაწილეებთან საუბრები (მათ შორის არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ელია II, ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, ნონა გაფრინდაშვილი და ირაკლი ალასანია).
უახლესი პუბლიკაცია სახელწოდებით: „თანამედროვე საქართველოს დილემები. ტომი II“ გამოიცა ტორუნის გამომცემლობა Adam Marszałek-ის მიერ. ის შეიცავს ინტერვიუების კიდევ ერთ კრებულს ქართული პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების ყველაზე გამორჩეულ მონაწილეებთან.
წიგნი შეიცავს უაღრესად საინტერესო საუბრებს, მათ შორის: კონსტანტინე გამსახურდიასთან, სანდრა რულოვსთან, ვახტანგ მაისაიასა და ირაკლი წერეთელთან. იგი ისტორიკოსების, პოლიტოლოგების, პუბლიცისტებისა და ჟურნალისტებისთვის შესანიშნავი ინფორმაციის წყაროა ქართული სახელმწიფოს უახლესი ისტორიის მოვლენებზე.
პუბლიკაციაში ნაჩვენებია პოლონური და ევროპული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინტერესის სფეროები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები