“ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში ხიდი აღადგინა (ფოტო, ვიდეო)
“ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში, გიორგაძის ქუჩის ბოლოს არსებული ხიდი აღადგინა. მისი სიგრძე 54, ხოლო სიგანე – 8 მეტრია.
ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის სამშენებლო სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანიამ 2015 წელს საპროექტო ორგანიზაცია “ედვანსედ მაინინგ ჯგუფი“ მოიწვია. ხიდის დეტალური შესწავლის შემდეგ მომზადდა პროექტი და დაიწყო სამუშაოები. ხიდი ოთხ შუალედურ და ორ სანაპირო ბურჯზე დგას. ბურჯების რეკონსტრუქციისთვის მდინარემდე მისასვლელი გზა გაიჭრა, შემდეგ კი მათი აღდგენა დაიწყო. ბურჯები ახალი რკინა-ბეტონის ბადეში მთლიანად მოექცა.
“სამშენებლო სამუშაოებისთვის მდინარის კალაპოტის რამდენჯერმე შეცვლა გახდა საჭირო. თავდაპირველად შუალედური ბურჯების ფუნდამენტი, შემდეგ კი ბურჯის ქვედა ნახევარი და ბურჯების ზედანაშენი დაბეტონდა. მოეწყო ხიდის სავალი ნაწილის საფარი, ხიდის ორივე მხარეს ძველი მოაჯირები ახლით შეიცვალა, აღდგა ტროტუარები პანდუსებით. პანდუსები ხიდის მისასვლელებთანაც მოეწყო; ხიდზე არსებული საკომუნიკაციო ქსელი საფეხმავლო ტროტუარიდან ხიდის ქვეშ გადაიტანეს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ხიდი ექსპლუატაციაში უკვე შევიდა და დღეს მასზე, კომბინატის თანამშრომლების გარდა, ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხოდ გადაადგილდება”, – განაცხადა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელმა შალვა ელიზბარაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხიდი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა. არსებული ინფორმაციით, დღემდე მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.