კომიტეტის სხდომაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სტრატეგიული დოკუმენტისა და სახელმწიფო პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე იმსჯელეს

საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სტრატეგიული დოკუმენტისა და სახელმწიფო პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებით, მოსმენა გაიმართა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ფსიქიატრებმა, დარგის ექსპერტებმა და სამკურნალო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებზე ინფორმაცია წარმოადგინეს.
„საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში მნიშვნელოვან პროგრამას ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა ამ პროგრამის დაფინანსების 5 მლნ. ლარით გაზრდას ერთხმად დაუჭირა მხარი, რითიც რეფორმის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატეთ. დღეს მოვისმენთ ინფორმაციას, თუ როგორ სრულდება სტრატეგიული დოკუმენტის ამოცანები და სახელმწიფო პროგრამის მიზნები, რაც საშუალებას მოგვცემს, გავეცნოთ თუ რა შედეგებს მივაღწიეთ და რა ღონისძიებებია კიდევ, დამატებით, გასატარებელი”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.
„ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმის” იმპლემენტაციის მთავარ მიმართულებებზე პრეზენტაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ წარადგინა. მისი ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, 2018 წელს ყველა კომპონენტის დაფინანსება გაიზარდა, რამაც ახალი სერვისების დანერგვის, მობილური გუნდების გაზრდის, ამბულატორიული და სტაციონალური მომსახურეობის ხელშეწყობა განაპირობა. მისივე განცხადებით, სტაციონალური მომსახურებისთვის დაფინანსება, წინა წელთან შედარებით, 14.5%-ით გაიზარდა და აღსანიშნავია ისიც, რომ ცალკე გამოიყო ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული მომსახურება.
მინისტრის მოადგილემ თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის რაოდენობის გაზრდის ფაქტიც აღნიშნა და განაცხადა, რომ თუ 2017 წელს მხოლოდ სამი მობილური გუნდი ფუნქციონირებდა და ისიც მარტო თბილისში, 2018 წელს მათი რაოდენობა 11-მდე გაიზარდა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონები მოიცვა.
„ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს, თუმცა გამოწვევები კვლავაც რჩება. იმედია, 2020 წლისთვის სტრატეგიით გათვალისწინებულ ყველა მიზანს მივაღწევთ”, – აღნიშნა მაია ლაგვილავამ პრეზენტაციის დასასრულს.
კომიტეტის სხდომაზე პროგრამული ზრდის დადებითი ეფექტი რუსთავის ფიზიკური ჯანმრთელობის ცენტრის მაგალითზე განიხილეს. მოხსენება აღნიშნულთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორმა, მანანა ელიაშვილმა წარმოადგინა. მანვე 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა და პროგრამით განსაზღვრულ მომსახურეობის სერვისებზე, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასა და სტაციონალური მომსახურეობის სახეებზე ინფორმაცია წარმოადგინა. ფსიქოლოგ ნანა ზავრაშვილის პრეზენტაცია კი სფეროს სამომავლო ხედვებს, არსებულ გამოწვევებს და პრობლემების იდენტიფიცირებას დაეთმო.
მოხსენებების შემდეგ, კომიტეტის სხდომა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. კომიტეტის წევრებმა, დარგის სპეციალისტებმა და საკითხით დაინტერესებულმა პირებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების და მისი ხელშეწყობის საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს. კომიტეტის სხდომაზე განხილული თემა აკაკი ზოიძემ შეაჯამა.
„ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ, რომელთა ნაწილი დამატებითი კონსულტაციების გამართვას საჭიროებს. პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება და დაინტერესებული პირები ერთიანი ძალისხმევით გავაგრძელებთ მუშაობას, რათა პაციენტებისთვის შესაბამისი გარემო შეიქმნას”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სხდომის დასასრულს, აკაკი ზოიძემ ღონისძიებაში მონაწილე პირებს და „ღია საზოგადოება-საქართველოს” გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები