პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების განხილვას გეგმავს

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს საქართველოს პრეზიდენტი მოგვიანებით განიხილავს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: „მოკლედ გიპასუხებთ, რომ ამას განვიხილავ შემდეგ“.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა და ამ საქმეზე დეტალური მსჯელობა ბრიფინგის პირობებში ვერ მოხდება.

„ბრიფინგზე არ წყდება ასეთი საკითხები. იმ დისბალანსის პარალელურად – ეს არის პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, საქმეში შეჯიბრებითობის პრინციპის ფაქტობრივად არარსებობა, იქიდან გამომდინარე, რომ განცხადებები კეთდებოდა დახურული სასამართლო პროცესის თაობაზე, ამ საქმეს დაერთო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შეფასებასაც მე არ მოვახდენ, მაგრამ რომელიც პრობლემურია საზოგადოებისთვის. ეს არის ის ფონი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს, თუმცა საქმის განხილვა და საქმის თაობაზე დეტალური მსჯელობა, ბუნებრივია ბრიფინგის პირობებში ვერ მოხდება. დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს განვიხილავთ შემდეგში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უზენაესმა სასამართლომ დეკანოზ მამალაძის საქმეზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები