ლიეტუვამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესულ პირებზე შეზღუდვები დააწესა

ლიეტუვამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესულ პირებზე შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეზოლუციისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, მან მიმართა ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტს, რათა ლიეტუვის რესპუბლიკამ ზემოაღნიშნულ სიაში დაფიქსირებულ პირებზე შეზღუდვები გაავრცელოს. განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ საუბარია პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
სამინისტროს განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2018 აგვისტოში სრულდება 10 წელი რუსეთის აგრესიიდან საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები.
„განცხადებაში დაფიქსირებულია, რომ დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებს, ხოლო ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებს ხელს უშლიან სიმართლის დადგენაში. ასევე, აღინიშნება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა გატაცებების, მკვლელობების და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასებულია, როგორც ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ნორმათა დარღვევა.
განცხადების თანახმად, ლიეტუვა ყოველთვის მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ ამ უკანასკნელმა შექმნას ყველა სათანადო პირობა სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და ყველა არასამართლებრივი ქმედების აღმოსაფხვრელად“,- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები