თბილისში, ტაქსის მძღოლმა მგზავრი გოგონა გააუპატიურა – მომხდარის დეტალები

„კვირასთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ თბილისში ტაქსის მძღოლმა მგზავრი გოგონა ჯერ ლუდზე დაპატიჟა, შემდეგ გააუპატიურა, სცემა, გაძარცვა და მანქანიდან ქუჩაში ჩამოაგდო. აღნიშნული ფაქტი გუშინ, 30 ივლისს გლდანის რაიონში მოხდა.

ახალგაზრდა გოგონამ ტაქსი გააჩერა და გლდანის მიმართულებით გადაადგილება სთხოვა. გზად, მძღოლმა მგზავრი ლუდზე დაპატიჟა, რასაც ახალგაზრდა ქალი დასთანხმდა. ამის შემდეგ, მძღოლმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ გოგონაზე იძალადა, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები გასტაცა და ქუჩაში დატოვა.

„კვირას“ ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონამ შეშელიძის ქუჩაზე მდებარე „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურთან ოპერატორს სასწრაფო -სამედიცინო ბრიგადის გამოძახება სთხოვა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფოს ბრიგადამ ახალგაზარდა გოგო ყოფილ „ლანცეტის“ კლინიკაში გადაიყვანა, რომელიც ამჟამად, სამედიცინო დაწესებულება „ვივა მედით“ არის ცნობილი.

ფაქტი, რომ ახალგაზრდა გოგო ექიმთა ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. თუმცა, სხვა კომენტარისგან თავი შეიკავეს.

პაციენტი ამ დრომდე კლინიკაშია და მკურნალობას აგრძელებს. კლინიკის დირექტორმა ნინო ნადირაძე – კუზანოვამ პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე, კომენტარისგან თავი შეიკავა.

აღნიშნული ინფორმაცია, „კვირამ“ შს სამინისტროში გადაამოწმა, რომელიც უწყებამ დაადასტურა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I ნაწილით, 137-ე მუხლის I ნაწილით და 178-ე მუხლის II ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია 1981 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მამაკაცი. დანაშაული ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები