ბექა წიქარიშვილი: ეს არ არის სრულფასოვანი ლეგალიზაცია

„ეს არ არის სრულფასოვანი ლეგალიზაცია“ – ამ სიტყვებით ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი, ბექა წიქარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას.
ამასთან, ბექა წიქარიშვილი განმარტავს, რომ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების ნორმები, კანონმა უნდა განსაზღვროს.
მისი თქმით, ახლა ჯერი პარლამენტზეა, რომელმაც კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში უნდა მოიყვანოს.
„მე მგონი, არასწორი წარმოდგენა შეიქმნა ამ გადაწყვეტილებაზე. ეს შეიძლება განვმარტოთ, როგორც ლეგალიზაციის, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციის ჩანასახი. ეს არ არის სრულფასოვანი ლეგალიზაცია, ამას საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იზამდა თავისი მანდატიდან გამომდინარე. ის უბრალოდ იძლევა მიმართულებას ანუ განმარტავს მიმართულებას, დანარჩენი არის საკანონმდებლო ორგანოს საქმე,“ – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გუშინ “გირჩის” სარჩელი მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებისთვის პირს ადმინისტრაციული ჯარიმა არ დაეკისრება.
სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტი კანონის გამკაცრებით პასუხობს. ცვლილებების მიხედვით, მარიხუანას მოხმარება უნდა აეკრძალოს არასრულწლოვანს, კონკრეტულად, კი 21 წლამდე ასაკის ადამიანს, გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ადგილები, სადაც მისი მოხმარება იქნება დაშვებული.
ეს ეხება საჯარო სამსახურებს და იმ პროფესიის ადამიანებს, რომელზეც ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები