საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, არზუ ნაგიევს და ჯგუფის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დონეზე არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
„მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაძლიერებაში.
საუბარი შეეხო სტრატეგიულ პროექტებს – მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ენერგეტიკულ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში.
აზერბაიჯანულმა მხარემ ირაკლი ქადაგიშვილს აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელად არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით მეგობრობის ჯგუფი კიდევ უფრო გააქტიურდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. საქართველოს დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დავით დოლიძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.