„ლექტორიუმის“ პირველი შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთკაში

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოება იწყებს ერთობლივ პროექტს „ლექტორიუმი“, რომლის ფარგლებში თვეში ერთხელ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრები საქართველოს ისტორიის საკითხებზე.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, „ლექტორიუმზე“ მოწვეულნი იქნებიან ისტორიკოსები, მეცნიერები, რომლებიც ისაუბრებენ სხვადასხვა თემაზე.
24 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში პირველი შეხვედრა გაიმართა და „ლექტორიუმის“ შესახებ ინფორმაცია აუდიტორიას გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ხელმძღვანელმა, ისტორიკოსმა პაატა სურგულაძემ გააცნო.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
„ლექტორიუმი“ ყოველთვიურად ჩატარდება ეროვნული ბიბლიოთეკის და გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების ქუდქვეშ. იგი მიეძღვნება უახლესი ისტორიის საჭირბოროტო საკითხებს. დღეს ჩვენ ვიკრიბებით თარიღის გარშემო, რომელიც საქართველოს ისტორიულ მეხსიერებაში მხოლოდ ქრონოლოგიური ნიშანსვეტი არ არის. 1921 წლის 25 თებერვალი – დღე, როდესაც წითელმა არმიამ დაიკავა თბილისი – სიმბოლოდ იქცა იმ დრამატული გარდატეხისა, რომელმაც დაასრულა საქართველოს თეთრცხენოსანი მხედრის დემოკრატიული რესპუბლიკა და დაიწყო სრულიად ახალი, სხვისი კანონების, სხვისი ცხოვრების წესის თავსმოხვევის ეპოქა ჩვენი ქვეყნისთვის. სამი წლით ადრე, 1918 წლის 26 მაისს, საქართველო გაბედულად გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს იყო არა მხოლოდ პოლიტიკური აქტი, არამედ ცივილიზაციური არჩევანი – არჩევანი ევროპული დემოკრატიის, პარლამენტარიზმის, მრავალპარტიული სისტემისა და სამართლებრივი სახელმწიფოს სასარგებლოდ. ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ამ თარიღის გააზრება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. არაერთგზის მითქვამს, რომ ბიბლიოთეკა არ არის მხოლოდ წიგნსაცავი. იგი არის მეხსიერების ინსტიტუცია. აქ ინახება იმ ეპოქის დოკუმენტები, გაზეთები, წერილები, ემიგრანტული გამოცემები, პირადი არქივები – ხმები, რომლებიც ზოგჯერ ჩახშობილი იყო, მაგრამ არასოდეს გამქრალა. ისტორია მხოლოდ გამარჯვებულთა თხრობა არ არის; ის არის მრავალხმიანობა, რომელსაც კვლევა, პასუხისმგებლობა და ინტელექტუალური პატიოსნება სჭირდება. ბიბლიოთეკა სწორედ ამ მრავალხმიანობის სივრცეა“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა. აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდა სკოლა-გიმნაზიის დირექტორი მამა მირიან სამხარაძე.
ლექცია „ოკუპაციის დღე“ წაიკითხა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ოთარ ჯანელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები