ვაშინგტონში რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინა შეთქმულების ბრალდებით დააკავეს. მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. ცნობილია, რომ ბუტინა 29 წლის არის და ის ქალაქ ბარნაულის მკვიდრია. ეჭვმიტანილი კვირას დააკავეს და კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლოს გადასცეს. მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა, შემდეგი მოსმენა კი ოთხშაბათს ჩანიშნა. უცხოური მედია წერს, რომ ჟურნალისტები შეეცადნენ ფედერალური სასამართლოს მონაცემთა ბაზიდან ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია მიეღოთ, თუმცა უწყების არქივში მხოლოდ ერთი დოკუმენტი აღმოჩნდა, რომლის თანახმადაც ვინმე მარია ბუტინამ 1989 წელს სან-ფრანცისკოში კომპანია „Deico Effect“-ის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა. „ეს აშკარად არ არის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მარია, რადგან მაშინ ის 1 წლის იქნებოდა“, – წერს უცხოური პრესა. მედია ასევე იუწყება, რომ ამჟამად დაკავებული ბუტინა აშშ-ში 2016 წლის აგვისტოში, სტუდენტური ვიზით (F-1) ჩავიდა. ასევე ცნობილია, რომ მარია მოსკოვში ყოფილი რუსი სენატორის, მოგვიანებით კი რუსეთის მთავარი ბანკის-„ცენტრობანკ“-ის ხელმძღვანელის მოადგილის ალექსანდრ ტორშინის თანამშრომელი იყო. ეს ბანკი ამერიკული სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2016 წელს მოექცა, რომლებიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში მოსკოვის ჩარევის საქმეს იძიებდნენ. ეჭვმიტანილის ადვოკატმა რობერტ ნილ დრისკოლმა სასამართლოზე დაადასტურა ფაქტი, რომ აპრილში ფედერალური ბიუროს საგამოძიებო სამსახურმა ბუტინას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა. მან ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ ბუტინამ სენატის დაზვერვის კომიტეტის დახურულ სხდომაზე ჩვენება მისცა. Washington Post-ის კორესპონდენტები წერენ, რომ სხდომაზე დასმული კითხვები ბუტინამ უპასუხოდ დატოვა. ერთადერთი, რაც მან თქვა, ეს საკუთარი სახელი იყო. გაზეთი იუწყება, რომ ეჭვმიტანილი მარია ბუტინა აშშ-ს საგამოძიებო სამსახურის მიერ აღმოჩენილი ახალი მტკიცებულების შემდეგ ორ დღეში დააკავეს. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც გრუ-ს 12 აგენტის ბრალდების საქმეზეა დართული და რაც ამერიკის დემოკრატიული პარტიის წევრების კომპიუტერების გატეხვას უკავშირდება. ბუტინა ტრამპის და პუტინის შეხვედრიდან რამდენიმე საათში დააკავეს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზეც ისაუბრა და ამ საკითხს პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზეც შეეხო. უცხოური მედია წერს, რომ სასამართლოს დოკუმენტებში ბუტინას გარდა არცერთი გვარი არ არის დასახელებული და ეს ფაილები კოდირებულია.
დოკუმენტაციაში ნახსენებია „რუსი ჩინოვნიკი“ და აქ ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ტორშინი იგულისხმება, ასევე „ორგანიზაცია №1″, რაც ვარაუდობენ, რომ ეს აშშ-ს მსროლელთა ნაციონალური ორგანიზაციაა (NRA) , ნახსენებია “ამერიკული №1” და უცხოური მედია წერს, რომ ის ცნობილი რესპუბლიკელი აქტივისტი და პუბლიცისტი ერიკ ერიკსონია და სხვა.
აშშ-ის ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა კევინ ჰელსონმა სასამართლოს „რუს ჩინოვნიკთან“ ელექტრონული მიმოწერა წარუდგინა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ციტატაში ნათქვამია, რომ ბუტინა რუსეთის ხელისუფლების სასარგებლოდ ცდილობდა აშშ-ში არაოფიციალური წყაროები გაეჩინა და საჭირო ინფორმაციაზე წვდომა მოეპოვებინა. თავის მხრივ, ადვოკატი დრისკოლი აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მარია ბუტინა აქტიურად თანამშრომლობდა ამერიკის სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან და ცდილობდა აშშ-ში ახალი კონტაქტები შეეძინა, რასაც საჯაროდაც ადასტურებდა. ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით ბოლო 8 საათის განმავლობაში სენატორების ყველა შეკითხვას უპასუხა და მათ ათასობით დოკუმენტი წარუდგინა. დრისკოლს მიაჩნია, რომ პროკურორები „ბუზისგან სპილოს ქმნიან“. ცნობილია, რომ ბუტინა რუსეთის ქალაქ ბერნაულში მეწარმის ოჯახში გაიზარდა. ის ფლობდა ავეჯის 7 მაღაზიას, თუმცა, 22 წლის ასაკში 7-დან 6 მაღაზია დახურა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი არასამთავრობო ორგანიზაცია „იარაღის ტარების უფლების“ ხელმძღვანელი, მოგვიანებით კი წევრი გახდა. ბუტინა მედიის ყურადღების ცენტრში მანამდე აღმოჩნდა, ვიდრე მისით ამერიკის ფედერალური ბიურო დაინტერესდებოდა. მაგალითად, 2012 წელს იულია იოფემ, რომელიც ადრე მოსკოვში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი აშშ-ში შვილთან ერთად ჩავიდა, ლიბერალურ ჟურნალ New Republic-ში რეპორტაჟი დაბეჭდა. სტატია მოსკოვის ტირს ეხებოდა, სადაც რუსეთის უშიშროების თანამშრომლები სროლაში პრაქტიკას გადიოდნენ. ორგანიზაციას კი, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის მიზანში სროლისას ასწავლიდნენ, მარია ბუტინა ხელმძღვანელობდა. გამოცემა წერს, რომ ბუტინამ ორგანიზაცია „იარაღის ტარების უფლება“ პრაქტიკულად მარტომ დააფუძვნა და თავიდან საქმესაც დამოუკიდებლად უძღვებოდა. სტატიის ავტორის იოფეს თქმით, ის არ ჰგავდა ამერიკულ ანალოგიურ ორგანიზაციას, სადაც იარაღი თავისუფლების ინსტრუმენტად მიაჩნიათ.
გამოცემა წერდა, რომ „მოძრაობას, რომელიც ბუტინამ დააფუძნა არ ჰქონია არანაირი კავშირი კრემლის საწინააღმდეგო ჯგუფებთან, რომლებიც იმ პერიოდში სოკოებივით მრავლდებოდნენ“. იოფე სტატიაში აცხადებდა, რომ მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციამ 400 წევრი შემოიკრიბა და აქ ძირითადად ის კომუნისტები და ნაციონალისტები გაერთიანდნენ, ვინც პუტინს და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური პარტია, „ერთიან რუსეთს“ მხარს უჭერდნენ.
ცნობილია, რომ 2012 წლის 24 ივლისს ტორშინი და ბუტინა რუსეთის ფედერაციის საბჭოში წინაშეც წარსდგნენ, სადაც მათ იარაღის ტარების უფლების აუცილებლობის შესახებ განცხადებები გააკეთეს. მათ არ გაუმართლათ-ამ ფაქტამდე 4 დღით ადრე ჯეიმს ჰოუმსმა კალიფორნიის შტატში, კინოთეატრ ავრორაში სროლა ატეხა და უამრავი ადამიანი დახოცა. ტორშინის აზრით, ამ სამწუხარო ფაქტმა არაერთი სენატორის მოსაზრება გაამყარა, რომ თუკი რუსეთის მოქალაქეებს ცეცხლსასროლ იარაღს მისცემ, ისინი ერთმანეთს დახოცავენ. „როგორ შეიძლება ასე არ გჯეროდეს საკუთარი თავისა და შენი ხალხის?“, – აცხადებდა ის.
აღსანიშნავია, რომ ტორშინიც და ბუტინაც, (რომელიც მისი თანაშემწეც იყო) აშშ-ს მსროლელთა ეროვნული ასოციაციის მუდმივი წევრები არიან. ბუტინა 2013 წლიდან მოსკოვში ამ ორგანიზაციის დელეგაციებს მასპინძლობდა. ორივე ერთად კი, ხშირად მონაწილეობდნენ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ არაერთ ღონისძიებაში.
ასევე, როგორც უცხოური მედია წერს, აშშ-ს მსროლელთა ნაციონალური ორგანიზაცია რესპუბლიკელებისკენ ილტვის, რომლებიც თავის მასაში იზიარებენ მის ხედვებს იარაღთან დაკავშირებით. გამოძიების ვერსიით, გავლენიანი რუსი ჩინოვნიკის ტორშინის ქვეშევრდომად მუშაობისას, ბუტინას ჩანერგვა აშშ-ს მსროლელთა ორგანიზაციაში მოხდა, ამ ორგანიზაციიდან კი ტრამპის გარემოცვაში. 2015 წელს მან ამერიკულ კონსერვატულ ჟურნალ National Interest-ში სტატია დაბეჭდა, სადაც ამტკიცებდა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების დათბობის იმედს, მხოლოდ აშშ-ს პრეზიდენტად, რესპუბლიკელის არჩევა წარმოშობს. რამდენიმე დღეში კი ის ლას-ვეგასში ტრამპის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა და მას მიკროფონში ჰკითხა-როგორი იქნება თქვენი საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით ჩემი ქვეყნის მიმართ? ტრამპმა კი უპასუხა – „მე ვიცნობ პუტინს და აი რას გეტყვით-მე და პუტინი მოვრიგდებით. “2016 წლის მაისში ბუტინა და მისი უფროსი აშშ-ს მსროლელთა კონგრესზე იყვნენ, სადაც ერიკსონი ტორშინისთვის ტრამპთან შეხვედრის მოწყობას ცდილობდა. შეხვედრა ვერ შედგა, მაგრამ ეს ორი რუსი დონალდ ტრამპ-უმცროსთან გადაიკვეთნენ.