სასწრაფოდ: მამუკა ხერხეულიძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
მწერალი მამუკა ხერხეულიძე პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „ანტრეში“ დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
„კვირას“ ინფორმაციით, მას სამი ტყვია ფეხის არეში აქვს მოხვედრილი. როგორც „კვირას“ „ანტრეს“ მენეჯერმა განუცხადა, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მამუკა ხერხეულიძე კაფეში მარტო იმყოფებოდა.
„მამუკა ჩვენი კაფის ხშირი სტუმარია, რადგან მეზობლად ცხოვრობს. ის მარტო იყო შემოსული. ყავა და წყალი აიღო და გარეთ მაგიდასთან დაჯდა. ზუსტად რა მოხდა, ჩვენ ვერ დავინახეთ, ერთ-ერთმა კლიენტმა დაჭრილი ხერხეულიძე შიგნით შემოიყვანა, მას ფეხიდან სისხლი სდიოდა.
ინციდენტის შემდეგ მისი მეუღლეც მოვიდა. ხერხეულიძე ბოლომდე კონტაქტური იყო, მას გონება არ დაუკარგავს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განუცხადა „კვირას“ „ანტრეს“ მენეჯერმა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, საქმე აღძრულია სსკ-ის 118 მუხლით.