ლევან გოგიჩაიშვილი – საბანკო სისტემამ ყველაფერი გააკეთა, რათა რისკის ქვეშ მხოლოდ მსესხებელი ყოფილიყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას” ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შეთავაზებისთვის მადლობას უხდის.

მისი განმარტებით, თუკი შეთავაზებული საკითხები ჩაჯდება ჭარბვალიანობის შესახებ შედგენილი იმ კანონპროექტის იდეაში, რომელსაც პარლამენტი მალე მეორე მოსმენით განიხილავს, შესაძლოა, ისინი კანონმდებლობაში აისახოს კიდეც.

“ადვოკატთა ასოციაცია” ძალიან კვალიფიცური ორგანიზაციაა და კიდევ უფრო მეტ რეგულაციას ითხვოვს. ჩვენ ამ იდეებზე ვიმსჯელებთ. თუ ახლა არ მოესწრება, შეგვეძლება ეს საკითხები საშემოდგომო სესიაზე განვიხილოთ. ამ პროცესში ჩართულია მთავრობა და პარლამენტი, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებს გავაანალიზებთ და თუ იმ კანონპროექტის იდეაში ჯდება, რომლის მეორე მოსმენაც უკვე მალე შედგება, გავითვალისწინებთ და პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, შესაძლოა, კანონპროექტში ავსახოთ. თავად ფაქტი, რომ ასეთი კვალიფიციური ორგანიზაციები ამ პროცესში ჩაერთნენ და მხარს უჭერენ მთავრობის ინიციატივას, უფრო სწორად კი, ხალხის დაკვეთას, აბსოლუტურად მისაღებია და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის,” -განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სწორედ ჭარბვალიანობის მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად არსებული გარემოს გაჯანსაღებას ისახავს. მისივე თქმით, საბანკო სისტემა წლების მანძილზე უსამართლოდ მუშაობდა.

“საბანკო სისტემა, წმინდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპით თუ შევხედავთ, არავითარი რისკის მატარებელი არ ყოფილა. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რისკი ყოველთვის ცალმხრივი ყოფილიყო. ამ შემთხვევაში, რისკავდნენ ის ადამიანები, რომლებიც ბანკში მიდიოდნენ და კრედიტს იღებდნენ. ეს, ბუნებრივია, არ არის სამართლიანი. საბაზრო ეკონომიკას განვითარება და თამაშის სამართლიანი წესები სჭირდება. მამუკა ბახტაძემ ამ მიმართულებით არსებული ვითარების დალაგება ზუსტად სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით დაიწყო”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები