ბაჩო ახალაია მოსამართლის აცილებას ითხოვს
ბაჩო ახალაია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის მოსამართლის, მერაბ ჯორბენაძის აცილებას მოითხოვს. როგორც ახალაიამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, როდესაც მას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა სამჯერ ჰქონდა შეფარდებული, აღნიშნულმა მოსამართლემ აღმკვეთი მეოთხედ შეუფარდა, რაც, ახალაიას აზრით, “ადამიანურ ლოგიკაში არ ჯდება”. მოსამართლის აცილების შუამდგომლობას დაეთანხმნენ სხვა ბრალდებულებიც.
“ვიჯექი ციხეში და სამი პატიმრობა მქონდა შეფარდებული. ამ პირობებში მოსამართლემ მეოთხედ შემიფარდა პატიმრობა 2013 წელს. ადამიანს ერთხელ რომ დახვრეტენ, მეორედ აღარ ხვრეტენ. ერთხელ რომ მოკლავ, მეორედ როგორ მოკლავ. თქვენ მინიმუმ მიიღეთ ზედაპირული გადაწყვეტილება ან, უკცრავად და, გარკვეული პოლიტიკური მოტივების გამო მოიწონეთ თავი. იმ გადაწყვეტილების შემდეგ არ გაქვთ მორალური უფლება, ჩემი საქმე განიხილოთ. ჩემთვის მეოთხედ დაპატიმრების გადაწყვეტილება თქვენ მიიღეთ იმ მოტივით, რომ ჩემი გაქცევის საფრთხე არსებობდა. მთელი ჩემი ცხოვრება რომ დამჭირდეს, არსად არ გავიქცევი და ბოლომდე ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად”, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ აღნიშნული შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.