ზაზა გაბუნია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენას მიესალმება.
“ვფიქრობ, აჭარის უმაღლესმა საბჭომ პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობისთვის სწორი კანდიდატურა შესთავაზა. თორნიკე რიჟვაძის კავშირი აჭარასთან ძალიან მჭიდროა. ის ხულოშია დაბადებული. ის იყო „აჭარის წყალი ჯორჯიას“ იურიდიული დირექტორი და ამ კომპანიას რეგიონში 400 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. 2013-2017 წლებში, როდესაც რეგიონში ხორციელდებოდა მასშტაბური ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტები, თორნიკე უშუალოდ იყო ჩართული აჭარის მოსახლეობასთან მოლაპარაკებებში. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყანაში ენერგეტიკის სფეროს განვითარებაში, ბოლო წლებში იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი. მას კარგი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში და საერთაშორისო ორგანიზაციებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის. რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, მისი საქმიანობა ხშირად მჭიდრო კავშირში იყო ხალხთან,” – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.