დიდიე რეინდერმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა თბილისში ვიზიტით მყოფ ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან დიდიე რეინდერსთან.
„აღნიშნული ვიზიტი ემსახურება ახალი დინამიკის შეტანას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი ბელგიის მხარდაჭერას“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ბელგიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. განსაკუთრებით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და ბიზნეს-წრეებს შორის ინტენსიური კავშირების ხელშეწყობა.
ამ კონტექსტში ასევე ხაზი გაესვა, რომ საქართველომ წარმატებით დაიმკვიდრა ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი ქვეყნისა და მსხვილი ეკონომიკური (სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა) პროექტების რეგიონული ცენტრის სტატუსი. ხაზი გაესვა ამა წლის აპრილიდან პირდაპირი რეისების დაწყებას თბილისი-ბრიუსელის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებას.
„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერის, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის დღევანდელ ვიზიტს, რომელიც არის ევროკავშირისა და ნატო-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყნის წარმომადგენელი. მინისტრ რეინდერსის ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ემსახურება. ჩვენი სურვილია, საქართველოსა და ბელგიას შორის კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს და გადავიდეს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე. უაღრესად ვაფასებთ ბელგიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, -აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. დიდიე რეინდერსმა დადებითად შეაფასა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგად მიღწეული პროგრესი და კვლავ დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური გზისადმი მტკიცე მხარდაჭერა. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს 2018 წლის სამიტისათვის მზადების პროცესზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, როგორც დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ისე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, ადეკვატურად უნდა იქნას ასახული სამიტის შედეგებში.
„მსურს აღვნიშნო, რომ შთამბეჭდავია ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ბელგია ყოველთვის აქტიურად ადევნებს თვალყურს პარტნიორების მიღწევებს და მართლაც შთამბეჭდავია პროგრესის ხილვა, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, სადაც მრავალი რეფორმა განხორციელდა; ასევე მდგრადი განვითარების, დასაქმების დამატებითი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით, რაც ყოველწლიურად მზარდი, მაღალი დონის ეკონომიკური განვითარების ფონზე მიმდინარეობს. ასევე ადამიანის უფლებების სფეროში არსებული პროგრესი”, – განაცხადა დიდიე რეინდერსმა.
ქართულმა და ბელგიურმა მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მიმართ გაძლიერებულ ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორების წვდომის აუცილებლობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამეფებული დაუსჯელობის კონტექსტში, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის დადგენილებას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” დამტკიცების თაობაზე.
დავით ზალკალიანმა ბელგიელ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”, რომელიც მიმართულია, რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისკენ და მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ჩართულობის უზრუნველყოფას იმ პოზიტიურ ინიციატივებსა და სიკეთეებში, რომელსაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იღებს.
მინისტრმა რეინდერსმა, თავის მხრივ, დაგმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და კიდევ ერთხელ გამოხატა ბელგიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე, განხილულ იქნა რეგიონში არსებული გამოწვევები, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები და გლობალური მნიშვნელობის სხვა საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში დიდიე რეინდერსმა ასევე მოინახულა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები