ხათუნა ლაგაზიძე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გარდაცვლილების შეყვანაზე: შესაძლოა, ეს სპეციალურად გაუკეთეს შს მინისტრს
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები უნდა იყვნენ შეყვანილი. ამის შესახებ ლაგაზიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლაგაზიძე იმ შეფასებებს გამოეხმაურა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა გააკეთეს. კერძოდ, როგორც ცნობილია, ე.წ. სამხრეთ ოსეთში განაცხადეს, რომ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” საპასუხოდ, ისინი “შავ სიას” ამზადებენ. დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით კი, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა საქართველოს მხრიდან იმდენად პროვოკაციული ნაბიჯია, რომ ამან, შესაძლოა ჟენევის დისკუსიების ფორმატზე გავლენა იქონიოს და ის გაანადგუროს.
„დე ფაქტო ხელისუფლებები მთლიანად უნდა იყვნენ ამ შავი სიის წევრები. როგორც ერთი, ისე მეორე შავი სია კი არა, შავი ჭირია საქართველოსთვის. მათ შეფასებებს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება. ჟენევის ფორმატი არის აბსოლუტურად ფორმალური სივრცე დიალოგისთვის, მეტი რაღა საფრთხე უნდა დაემუქროს, ფაქტობრივად, კასტრირებულია ეს ფორმატიც. რაც შეეხება თავად ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიას, ის კითხვის ნიშნები, რომელიც გაჩნდა ოპოზიციაში, სრულიად ლეგიტიმურია. მით უმეტეს, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ამ სიაში გარდაცვლილების მოხვედრა, რასაც არანაირი ახსნა არ მოეძებნება. ზოგადადაც, იყო ასეთი მოსაზრება, არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცებმა, შესაძლოა, ეს სპეციალურად გაუკეთეს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლის იმიჯიც მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული არაერთი გამოწვევისა, მაინც ზრდადია საზოგადოებაში.
რომ შევაჯამოთ ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის საკითხი : აქ უფრო ვალის მოხდასთან გვაქვს საქმე და რა თქმა უნდა, როდესაც იქ შეგყავს მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები და არცერთი რეალურად ის გვარი არ არის, ვინც ქმნის ამ ოკუპირებულ რეგიონებში ნამდვილ პოლიტიკას, ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ეს სია ტოვებს გამოშიგნული და კასტრირებული სიის შთაბეჭდილებას“- განაცხადა ლაგაზიძემ.
ცნობისთვის, ე.წ. “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” გულისხმობს დოკუმენტს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში, ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ.