„არაერთი დეპუტატის მხრიდან გამოითქვა პოზიცია, რომ ორივე სასახლე უნდა დაფიქსირდეს, როგორც პარლამენტის ადგილსამყოფელი“
არაერთი დეპუტატის მხრიდან გამოითქვა პოზიცია, რომ ორივე სასახლე უნდა დაფიქსირდეს, როგორც პარლამენტის ადგილსამყოფელი, ან რეგლამენტში მხოლოდ ერთი არ უნდა იყოს დაფიქსირებული – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვინაიდან, ეს პოზიცია ბევრი კოლეგის მხრიდან არის გამოთქმული, ამაზე უმრავლესობის ფარგლებში მსჯელობა გაიმართება.
„თუ ორივე ჩანაწერი იქნება, იმ სტატუს-კვოს შევინარჩუნებთ, რომელიც გვაქვს. ანუ, იმას, რომ აღარ იქნება შემოფარგლული სასესიო სხდომების ჩატარება მხოლოდ ქუთაისში, არამედ პარლამენტს შესაძლებლობა ექნება, სხდომები თბილისშიც ჩაატაროს, თუ ორივე სასახლე დაფიქსირდება. ამ თემაზე პოზიციის შესაცვლელად მზად ჯერ არ ვარ, რადგან ინიცირებულ ვერსიაში ქუთაისი წერია, მაგრამ უმრავლესობაში საკითხის განხილვის შემდეგ, მათ პოზიციას გავითვალისწინებ და ჩანაწერს ან შევცვლი, ან დავტოვებ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი რეგლამენტის პროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობს.