ხათუნა ლაგაზიძე: ნატო-ს სამიტისგან, საქართველოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ გარღვევას არ ველი

ნატო-ს ბრიუსელის სამიტისგან, საქართველოსთან მიმართებაში, რაიმე განსაკუთრებული სიახლის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფუჭი მოლოდინების შექმნა არ შეიძლება, რადგან იმ ტიპის იმედგაცრუებას იწვევს, რომელმაც, შეიძლება, საზოგადოებრივ განწყობებებზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინოს.
„საგარეო პოლიტიკური ფონი ისეთი ამღვრეულია, როგორც არასდროს. დავიწყოთ ნატოს მომავალი სამიტით. განსაკუთრებულ გარღვევას მე საქართველოსთან დაკავშირებით არ ველი, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავად ნატო-ს წევრებს შორის არის დაძაბულობა. რამდენიმე დღის წინ, ტრამპმა სათითაოდ მიმართა ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილებით, საკმაოდ ხისტი ტონი ჰქონდა ამ წერილებს, რომლითაც ის ითხოვს ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას, კერძოდ ის, რომ მათი ბიუჯეტის 2% მოხმარდეს თავდაცვის ხარჯებს. ამას ერთვის ისიც, რომ მას ინდივიდუალურ დონეზე საკმაოდ გაურთულდა ურთიერთობები კანადასთანაც კი, აღარაფერს ვამბობ ევროკავშირის ქვეყნებზე.
სულ რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტუსკმა გააკეთა განცხადება, მიმართა ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ევროპის სახელმწიფოები, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ერთიანი დასავლური სივრცე შეინარჩუნონ, მაგრამ ტრამპის პოლიტიკა ამას ხელს უშლის და ევროპამ უნდა ემზადოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, ისევე, როგორც დამოუკიდებელი თავდაცვის სისტემის ფორმირებისთვის, ამ ფონზე რაიმე განსაკუთრებული სიახლის მოლოდინი საქართველოსთან მიმართებაში, ნატო-ს ამ სამიტიდან არ უნდა გვქონდეს. უნდა ვიყოთ რეალისტები. იმიტომ, რომ ფუჭი მოლოდინების შექმნა იწვევს იმ ტიპის იმედგაცრუებას, რომელმაც შეიძლება საზოგადოებრივ განწყობებებზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინოს“- განაცხადა ლაგაზიძემ.
პოლიტოლოგი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების დაგეგმილ შეხვედრასაც გამოეხმაურა.
„რაც შეეხება ტრამპისა და პუტინის ურთიერთობებს, ეს ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უფრო პინგ-პონგის თამაშს ჰგავს. ის არ არის სტრატეგიული ხედვის გამოძახილი, რა თქმა უნდა, აშშ-ის პოლიტიკური ელიტა ინარჩუნებს თავის მკვეთრად უარყოფით პოზიციებს რუსეთის დღევანდელი ლიდერის და პოლიტიკის მიმართ, თუმცა თავად ტრამპის გაორება, რუსეთთან მიმართებაში, გრძელდება.
რუსეთს, რა თქმა უნდა, თავის მიზნები აქვს, სურს, რომ დეკლარაცია მიიღონ ამ შეხვედრის შემდეგ, სადაც გაიწერება შეხვედრის შედეგები ყველა მიმართულებით. მოგეხსენებათ, წერილობითი დეკლარაციები გაცილებით უფრო მავალდებულებელი ხასიათისაა, ვიდრე ნებისმიერი ზეპირი განცხადება. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს, ერთია რუსეთის სურვილი და მაქსიმალური ძალისხმევა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ აშშ-მა შეარბილოს თავისი პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით და შესაბამისად, შეარბილოს სანქიცებიც, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ ტრამპი ამაზე დათანხმდება, ფაქტობრივად, არ არსებობს. გადაჭრით რაიმეს თქმა რთულია, ტრამპის წინააღმდეგობრივი ხასიათიდან გამომდინარე“- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
შეგახსენებეთ, 11-12 ივლისს, ბრიუსელი ნატო-ს სამიტს უმასპინძლებს. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, პირველად, საქართველო უმაღლეს დონეზე დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს და უკრაინის მონაწილეობით დაგეგმილი შეხვედრის ძირითადი თემა უსაფრთხოების და თავდაცვის რეფორმების მიმართულებით თანამშრომლობა იქნება.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს, დელეგაციას სამიტზე, პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები და უშიშროების საბჭოს მდივანი შევლენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები