დავით ზალკალიანი სერ საიმონ მაკდონალდს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მუდმივ მდივანს და დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს სერ საიმონ მაკდონალდს შეხვდა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც დინამიკურად ვითარდება „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” ფარგლებში. ამასთან, პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად მიმდინარე ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.
შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს ახალი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ყურადღება დაეთმო ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადებას, ქართული მხარის მოლოდინებს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს. ასევე ხაზი გაესვა ნატო-ში წარმატებული ინტეგრაციის კუთხით ალიანსის წევრი ქვეყნების, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს შემდგომი, აქტიური მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილი მძიმე მდგომარეობა. მან კონკრეტულად ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ დარღვევებზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე”, რომელიც არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების კიდევ უფრო დამძიმების პრევენციას ემსახურება, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებსა და საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”.
სერ საიმონ მაკდონალდმა, თავის მხრივ, დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ამის გარდა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ვიზიტის ფარგლებში სერ საიმონ მაკდონალდმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები