პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს 15 ივლისს უყრის
საკანონმდებლო ორგანო მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს მომავალი კვირიდან დაიწყებს. პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებისა და პრემიერმინისტრის მოსმენა 13 ივლისს დაიწყება.
არსებული ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენები თბილისში მდებარე პარლამენტში გაიმართება, 15 ივლისს კი, კანონმდებლები ქუთაისში, რიგგარეშე სხდომის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ და მას კენჭს უყრიან.
მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. რაც შეეხება პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მხრიდან მთავრობის წევრების წარდგენის საკითხს, გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ახალ შემადგენლობაში ფინანსთა, ეკონომიკისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრების თანამდებობაზე ახალი სახეები გამოჩნდებიან. მანამდე კი ქვეყანას დროებითი მთავრობა ჰყავს, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მესამე მოსმენით 5 ივლისს დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდა.
მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.