ირაკლი სესიაშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის – „პარტნიორობა დემოკრატიისთვის” დელეგაციას შეხვდა.
მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მიმართულებით საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის და როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
„აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს გავაცანით საქართველოში დაგეგმილი რეფორმები, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას ემსახურება. სტუმრები დაინტერესდნენ რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით, როგორია დეპუტატების უფლებამოსილებები და მოლოდინები ახალ რეგლამენტთან მიმართებაში. სტუმრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ გაგვიწიონ რეკომენდაციები და გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი სესიაშვილმა.