მამუკა სალუქვაძე: კარგად დავინახეთ, რომ თბილისის მერია თბილისის გენგეგმის თაროზე შემოდებას ნამდვილად არ აპირებს

ძალიან კარგად დავინახეთ, რომ მერია თბილისის გენგეგმის დოკუმენტის თაროზე შემოდებას ნამდვილად არ აპირებს, – ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენიაზე განაცხადა.
სალუქვაძის თქმით, მათ დაინახეს, რომ თბილისის მერია მზადაა იმისთვის, რომ ქალაქის განვითარება სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე მოხდეს.
„მინდა, ყველას მივულოცო, რომ გენგეგმა არის მიღებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია მართლაც. იმიტომ, რომ ასე ცხოვრება, რა პირობებშიც თითოეული ჩვენგანი ცხოვრობს ქალაქში, ალბათ, წარმოუდგენელია და ეს ძალიან დიდ გულისწყრომას იწვევს მოქალაქეებში, არამხოლოდ მოქალაქეებში, არამედ სხვადასხვა ინსტიტუციებში, იგივე მერიაში ძალიან კარგად გრძნობდნენ და გრძნობენ, რომ ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება. სწორედ ამიტომაა, რომ მხარდაჭერა ჰპოვა პროექტის ბოლო ვერსიამ, რაზეც ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ მერიასთან.
ძალიან კარგად დავინახეთ, რომ თბილისის მერია ამ დოკუმენტის თაროზე შემოდებას ნამდვილად არ აპირებს, აშკარად დავინახეთ, რომ მზადაა თბილისის მერია იმისთვის, რომ ქალაქის განვითარება მოხდეს სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ის სიფრთხილე და მათი დამოკიდებულება ჩვენი ჯგუფისთვის გასაგები გახდა, როცა მაქსიმალურად ცდილობდნენ, რეალისტური ყოფილიყო ყველა ის შეთავაზება და პრინციპი, რომელიც ჩვენ გენგეგმაში ჩავდეთ“- განაცხადა სალუქვაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დედაქალაქის მერიასა და „სითი ინსტიტუტს“ შორის შეთანხმებული დოკუმენტი მზად არის საკრებულოში გადასაგზავნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები