დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 2,955 ტონა ატამია ექსპორტირებული
მიმდინარე წლის 2 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 2,955 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 2,610 ტონით (9-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, 2 ივლისის მდგომარეობით, 1,619 ათასი აშშ დოლარს შეადგენს. უწყების ცნობით, ატმის საბითუმო ფასი 30-დან 70 თეთრამდე მერყეობს.
ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (63,8 %), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (17,4 %), სომხეთის რესპუბლიკაში (15,5 %), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ხორციელდება.
ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში საორგანიზაციო შტაბი ფუნქციონირებს. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.
„10-15 ივლისიდან, მას შემდეგ, რაც „ატმის რთველი“ აქტიურ ფაზაში შევა, ქვეყნის მასშტაბით ატამს 2 გადამამუშავებელი ქარხანა ჩაიბარებს (თელავში, შპს „აჩინებული“ და გორში „კულა“). საჭიროების შემთხვევაში, გაიხსნება გურჯაანში არსებული ქარხანაც“,- აცხადებენ სამინისტროში.