ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრმა თევზსაშენი მეურნეობა დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ, საქართველოში ვიზიტად მყოფ ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრ ავი დიხტერს, შიდა ქართლში, სახელმწიფო მხარდაჭერით მოქმედი თევზსაშენი მეურნეობის საქმიანობა გააცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შპს „დს ფიშ გრუპი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ არაერთხელ ისარგებლა. კომპანიას, რომლის წარმადობა წელიწადში დაახლოებით 250 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზის წარმოებაა, 100-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. ნედლი თევზისა და გადამუშავებული თევზის რეალიზაცია კომპანიის ბრენდულ მაღაზიასა და რესტორანში ხდება.

ისრაელის მხარე საქართველოში აგროსასურსათო მეურნეობების საქმიანობით, მათ შორის, თევზის წარმოების შესაძლებლობით დაინტერესდა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მხარს უჭერს ქვეყანაში მეთევზეობისა და აკვაკულტურის დარგის განვითარებას. ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილია წარმოების სრული ჯაჭვი.

კომპანიის „დს ფიშ გრუპი“ თევზსაშენ მეურნეობაში ასევე იმყოფებოდნენ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი, ისრაელის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია და საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები