მთავრობა საჯარო უწყებებს ახალ სტანდარტებს უწესებს

garibashvili8

  საქართველოს მთავრობა რამდენიმე დღეში საჯარო უწყებებისთვის ახალ სტანდარებს დაამტკიცებს. ახალი სტანდარტებით მოხდება ზუსტი დეფინიცია, თუ რომელი თანამდებობის პირმა როგორი ავტომობილით უნდა ისარგებლოს, – ამის შესახებ განცხადება დღეს მედიის წარმომადგენლებთან პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. ღარიბაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ მოშალა და მოარღვია ყველანაირი სტანდარტი, რის გამოც ქაოსურად ხდებოდა ძვირად ღირებული მანქანების შეძენა არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, არამედ ჩვეულებრივი, საშუალო და დაბალი რგოლის თანამშრომლებისთვის.
„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იყო ძვირად ღირებული მანქანების შეძენის მანკიერი ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა და დამკვიდრებული იყო წინა ხელისუფლების დროს. მათ მოშალეს და მოარღვიეს ყველანაირი სტანდარტი. პირველი, რაც მე მინისტრად დანიშვნის დროს გავაკეთე, იყო ის, რომ ფინანსთა სამინისტროს გასასხვისებლად ძვირად ღირებული, არაეკონომიური და ხარჯიანი მანქანები.
ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საქართველოს მთავრობის კანცელარიამ დაამუშავა ახალი სტანდარტები, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ საჯარო მოხელეებმა. ეს შეეხება ყველა უწყებას. იქნება ზუსტი დეფინიცია, თუ რომელი თანამდებობის პირმა როგორი ავტომობილით უნდა ისარგებლოს. აღარ მოხდება ქაოსურად შეძენა და არ აღმოჩნდება კონკრეტული პირი თუ ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში. სტანდარტების შემუშავებისას გაზიარებული იქნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და საბოლოოდ დამუშავებული ვარიანტი საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარედგინება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. რაც შეეხება იმ თანამდებობის პირებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ძვირად ღირებული ავტომობილები, ღარიბაშვილის თქმით, ამ ადამიანებმა არ გაუწიეს ანგარიში, არ დაფიქრდნენ აღნიშნულ საკითხზე და შეიძინეს ის მანქანები, როგორსაც წლების განმავლობაში იძენდნენ, რადგან მათ ეს ნორმად მიაჩნდათ.
მისი თქმით, ძვირად ღირებულ მანქანებს მხოლოდ ისინი შეიძენენ, ვისაც ეს თანამდებობრივად ეკუთვნის. პრემიერის განმარტებით, მინისტრებს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შედარებით ძვირად ღირებული მანქანები ეყოლებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები