ზესტაფონში სოფლების გაზიფიცირება გრძელდება
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის გაზიფიცირება დასრულდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის რეგიონულმა დირექტორმა დავით ჯაიანმა, ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და ამირან საცერაძის ოჯახში სიმბოლურად გაზი აანთეს.
გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა სოფელ დილიკაურში მცხოვრებ 732 ოჯახს აქვს, აქედან 600-მდე ოჯახი უკვე გაზიფიცირებულია. ამ ეტაპზე გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ფუთშიც, რომლის დასრულების შემდეგაც ბუნებრივი აირით 600-მდე ოჯახი ისარგებლებს. აღნიშნული სამუშაოების დასრულება აგვისტოში იგეგმება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებულია ქალაქი ზესტაფონი და 30 სოფელი. ჯამში ბუნებრივი აირი 18 874 ოჯახს მიეწოდება.