“როგორც ჩანს, ფანჩატური არის ის მასშტაბი, რა მასშტაბსაც დღეს აგენტურული ოპოზიცია წვდება” – იონათამიშვილი
“ჩვენი საზოგადოება ახლა რასაც ხედავს, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არის უპასუხისმგებლო, ანტიეროვნული და რომელიც, როგორც ჩანს, საკუთარი პოლიტიკური არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “დღის კურიერში” ისაუბრა.
მისი თქმით, “სინამდვილეში, ოპოზიცია არც პარლამენტშია და არც ქუჩაში, არის ფანჩატურში”.
“როგორც ჩანს, ფანჩატური არის ის მასშტაბი, რა მასშტაბსაც დღეს აგენტურული ოპოზიცია წვდება.
ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვისმენთ, რომ ხვალ, ორშაბათს, შემდეგ დღეს იქნება გეგმა, გეგმა არ აქვთ, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ იგვიანებს დავალებები. ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ მათ საკუთარი გეგმები არ ჰქონდათ, ისინი მოქმედებდნენ დავალებების შესაბამისად, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა ამ დავალებების გაცემაც იგვიანებს მათკენ და ვხედავთ მათ გზადაკარგულ ადამიანთა მარგინალური ჯგუფს და ესეც კანონზომიერი არის, რომ ასე ხდება.
როგორც ჩანს, ფსონის დადება ამ რადიკალურ ოპოზიციაზე უკვე აღარავის აღარ უნდა და მათ ძალიან მოაბეზრეს თავი ქვეყნის შიგნით საკუთარ ამომრჩეველსაც კი და ვხედავთ, რომ დღითიდღე მათი რაოდენობა იკლებს და მეორეს მხრივ, თავი მოაბეზრეს იმ დავალებების მიმცემებს, ვისაც ჰქონდა იმის იმედი, რომ ამ რადიკალური ოპოზიციის გამოყენებით ჩვენს ქვეყანაში არევდა სიტუაციას და მშვიდობას ომით ჩაანაცვლებდა. ცხადია, რომ ამ გეგმას აღსრულების არანაირი რესურსი და პოტენციალი არ აქვს.
აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება ახლა რასაც ხედავს, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არის უპასუხისმგებლო, ანტიეროვნული და რომელიც, როგორც ჩანს, საკუთარი პოლიტიკური არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის”, – განაცხადა იონათამიშვილმა.